ეკონომიკის სამინისტრომ ისევ გადაიფიქრა და ფრონტერასთან კონტრაქტს არ წყვეტს

,,News.on.ge” წერს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აზრი ისევ შეიცვალეს და გადაწყვიტეს ნავთობისა და გაზის მომპოვოვებელ კომპანია ფრონტერასთან კონტრაქტი აღარ მოშალონ. უწყების განცხადებით, კომპანიას სახელმწიფო საძიებო ტერიტორიების მხოლოდ 1%-ზე მუშაობის უფლებას დაუტოვებენ, რადგან დარჩენილი 99% საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით სახელმწიფოს დაუბრუნდა.
სამინისტროში პირდაპირ ამბობენ, რომ ეს განპირობებულია სურვილით, შეინარჩუნონ საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაცია და სტრატეგიულ პარტნიორებთან, კერძოდ, კონგრესმენებთან აშშ-დან ჰქონდეთ კარგი ურთიერთობა. აქვე უწყება აღნიშნავს, რომ ეს მისცემს ფრონტერას საშუალებას “აღარ დახარჯოს ძალისხმევა ლობისტების მობილიზებაზე” და ამის ნაცვლად, “სასურველია კონცენტრირება მოახდინოს” ვალდებულებების შესრულებაზე.
“ამგვარი მიდგომით ხაზს ვუსვამთ საქართველოს გულწრფელ სურვილს, ღია და გამჭვირვალე იყოს ურთიერთობა ,ფრონტერასთან, რისთვისაც, ასევე, სასურველია კომპანიამ გაასაჯაროვოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემაჯამებელი ნაწილი, რომელიც არ შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ და რომელიც ნათელს მოჰფენს დავის საგანს. საკითხის მიმართ ჭარბი ინტერესი და სპეკულაცია ამით დასრულდება და დაინტერესებული მხარეები (აშშ-ს სენატორებისა და კონგრესმენების ჩათვლით) სათანადო ინფორმაციას ღია წყაროდანაც მიიღებენ”, — აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
კომპანია ფრონტერასა და სახელმწიფოს შორის დავა რამდენიმე წელია გრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში მხარეებმა არაერთხელ შეიცვალეს პოზიცია სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ბოლო გადაწყვეტილებით, სახელმწიფო აპირებდა, ფრონტერასთან კონტრაქტი შეეწყვიტა მას შემდეგ, რაც საარბიტრაჟო სასამართლოში დავა დასრულდა.
მხარეებს შორის ურთიერთბრალდებები საარბიტრაჟოს გადაწყვეტილებამდეც არ იყო უცხო, თუმცა შემდეგ უფრო გახშირდა. ორივე მხარე აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდაა და ერთმანეთს ვალდებულებების შეუსრულებლობასა და ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. სახელმწიფო მოითხოვს, რომ ფრონტერამ გაასაჯაროოს საარბიტრაჟოს გადაწყვეტილება და ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერს ნათელს მოჰფენს. ფრონტერა კი ამის წინააღმდეგია და იმით ხსნის, რომ დოკუმენტები კორპორაციულ საიდუმლოებაზე შეიცავს ინფორმაციას.