ეკონომიკა

სომხეთ-საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის მშენებლობა კვლავ გადავადდა

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ დღევანდელ სხდომაზე, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ დაამტკიცა ახალი ხელშეკრულება სრ-სა და რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (KfW) შორის  2020 წლის 1 ივლისს გაფორმებული “კავკასიის ელექტროგადაცემის ქსელის II – სომხეთი-საქართველოს გადამცემი ხაზის/ქვესადგურების” შესახებ საკრედიტო შეთანხმების ვადის გახანგრძლივების შესახებ.

იგი ასევე განსაზღვრავს უკუგადახდის შეცვლილ გრაფიკს, რომლის თანახმად, პროგრამის დასრულება შეიძლება 2024 წლიდან გადაიდოს 2025 წლის 31 დეკემბრამდე.

ამ შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნის თანახმად, სომხეთი იძულებული გახდება იტვირთოს გადავადების შედეგად ბანკისთვის მიყენებული გადაფინანსების ხარჯების გადახდა, რადგან ეს გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ცნობის თანახმად, ეს ანაზღაურება შეადგენს 740,000 ევროს.

ამის გარდა, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ ახლო მომავალში შეთანხმება უნდა წარუდგენოს სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა დადგინდეს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისობა  სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციასთან. ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიტიური დასკვნის მიღების შემდეგ, ხელშეკრულებამ ასევე უნდა მიიღოს ეროვნული ასამბლეის თანხმობა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთმა 2014 წლის  9 დეკემბერს ხელი მოაწერა 75 მილიონი და 10.2 მილიონი ევროს საკრედიტო ხელშეკრულებას გერმანულ KfW ბანკთან, პროგრამის “კავკასიის ელექტროგადამცემი ქსელის (სომხეთი-საქართველოს გადამცემი ხაზის/ქვესადგურების) განსახორციელებლად”, 2015 წლის  11 დეკემბერს კი 83 მილიონი ევროს ოდენობით.

2015 წლის 16 მარტს, ევროპულ საინვესტიციო ბანკთან გაფორმდა კიდევ 10 მილიონი ევროს საკრედიტო ხელშეკრულება, ხოლო 2016 წელს, ევროკომისიის სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტის ფარგლებში, გაფორმდა 10 მილიონი ევროს საგრანტო ხელშეკრულება.

2017 წელს, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დროებით შეჩერდეს პროგრამა და განიხილონ ახალი ტექნიკური გადაწყვეტილებები, ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით.

2019 წლის 30 ოქტომბერს, სომხეთის ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა გააუქმოს პროგრამით გამოცხადებული ტენდერები და გამოაცხადოს ახალი ტენდერები 3 ცალკეული ლოტით. ამ გადაწყვეტილების შედეგად, საჭირო გახდა KfW ბანკთან გაფორმებული 75 მილიონი ევროს ღირებულების საკრედიტო და საპროგრამო ხელშეკრულებების გადახედვა.

შეგახსენებთ, რომ პროგრამის “კავკასიის ელექტროგადამცემი ქსელი II”  მიზანია სომხეთ-საქართველოს საზღვარზე სომხურ-ქართული ენერგოსისტემების დაკავშირება აირუმში განსათავსებელ 500/400/220 კვტ მაღალი ძაბვის მუდმივი დენის სატრანსფორმატორო სადგურთან. ქართული მხრიდან მიერთება იქნება “მარნეულის” ქვესადგურიდან სრ გეღარქუნიკის რაიონის სოფელ დდმაშენში განსათავსებელ ქვესადგურთან.

შედეგად, სომხეთი-საქართველოს ელექტროენერგიის გაცვლის სიმძლავრე გაიზრდება ამჟამინდელი 200 მეგავატიდან 350 მეგავატამდე, პირველ ეტაპზე, 700 მგვტ-მდე, მეორე ეტაპზე, ხოლო ბოლო ეტაპზე 1050 მგვტ.

პროექტს ახორციელებს დსს “მაღალი ძაბვის ელექტრო ქსელები”.

უნდა აღინიშნოს, რომ ამავე დროს, ხორციელდება კიდევ ერთი პროგრამა სომხური ენერგეტიკული სისტემის ირანთან 400 კილოვოლტი ძაბვის დასაკავშირებლად, რომლის დასრულება დაგეგმილია 2021 წლისთვის.

ორივე პროექტის განხორციელების შედეგად, სომხეთი, ირანი, საქართველო და რუსეთი შეძლებენ ერთმანეთთან ელექტროენერგიის თავისუფლად ვაჭრობას.

ნახეთ მეტი
Back to top button