
,,Armradio.am“ წერს, რომ სომხეთმა ეუთო-ში გაავრცელა განაცხადი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების და ვენის დოკუმენტის ფარგლებში თურქეთის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე ინსპექტირების ჩასატარებელი ვიზიტების შეჩერების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ 12 ივლისიდან ტავუშის მიმართულებით აზერბაიჯანელთა თავდასხმის კონტექსტში, თურქეთი უპრეცედენტო საფრთხეებს უქმნიდა სომხეთს და მხარს უჭერდა აზერბაიჯანს, რომელთა გამოვლინებაც 29 ივლისიდან სომხეთის საზღვართან აზერბაიჯანთან ერთობლივი ფართომასშტაბიანი წვრთნების ჩატარებაცაა.
არსებული ვითარების გათვალისწინებით, 29 ივლისს, ეუთოში სომხეთის რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენლობამ გაავრცელა განცხადება ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების და ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების წევრ სახელმწიფოების გასაცნობად, რომელშიც აცნობებს, რომ სომხეთის რესპუბლიკა ამიერიდან აჩერებს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების და ვენის დოკუმენტის ფარგლებში თურქეთის ინსპექციების ან მოწვეულის სტატუსით თურქი ინსპექტორების მონაწილეობას სომხეთის ტერიტორიაზე ჩასატარებელ ინსპექტირების ვიზიტებში.
განცხადების თანახმად, სომხეთის ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებისა და ვენის დოკუმენტის პრინციპების საფუძველზე და გამომდინარეობს სომხეთის უსაფრთხოების ინტერესებიდან და შეშფოთებიდან.
სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნებისმიერი ინსპექტირების ვიზიტის განხორციელება თურქეთის მიერ, რომელიც ღიად უჭერს მხარს აზერბაიჯანს სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში და გამოდის უპრეცედენტო მუქარით, კერძოდ, 2020 წლის 12 ივლისიდან დაწყებული, უარყოფითად იმოქმედებს სომხეთის უსაფრთხოების ინტერესებზე და შეიძლება ზიანი მიაყენოს სომხეთის მოსახლეობის უსაფრთხოებას.
სომხეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ვალდებულებას ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებისა და ვენის დოკუმენტის მიმართ, ხაზს უსვამს იმას, რომ შეჩერებულია მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკის ინსპექტირების ან მოწვეული თურქი ინსპექტორების მონაწილეობა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განსახორციელებელ ინსპექტირების ვიზიტებში.