ეკონომიკა

“ქართული ოცნება” მოტყუებით ამტკიცებს, რომ ამერიკულ ინვესტიციებს კარგ პირობებს უქმნის – “ფრონტერა”

,,მთავარი არხი” წერს, რომ “ფრონტერას“ პრეზიდენტი ხელისუფლებას ცილისმწამებლური კამპანიის შეწყვეტისა და რეალური დიალოგისკენ მოუწოდებს. ზაზა მამულაშვილის თქმით, “ქართული ოცნება” მოტყუებით ცდილობს დაარწმუნოს პარტნიორი ქვეყანა, რომ ამერიკულ ინვესტიციებს  კარგ პირობებს უქმნის, რეალურად კი ფატქები საწინააღმდეგოზე მეტყველებს.

პრემიერმინისტრი აკეთებს განცხადებას, თითქოს, ვითომდა სახელმწიფო აღარ წყვეტს ხელშეკრულებას ჩვენთან, ამავდროულად ეკონომიკის სამინისტრო გვიგზავნის სრულიად საპირისპირო შინაარსის შეტყობინებას და ეს მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში იწყებენ ინტენსიურ შეხვედრებს ამერიკელ პოლიტიკოსებთან, თითქოსდა კეთილშობილური ნაბიჯი გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ და აღარ აუქმებს ყველაზე დიდ ამერიკელ ინვესტორთან ხელშეკრულებას. ეს არის სრულიად მიუღებელი, – ამბობს მამულაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ფრონტერამ” კიდევ ერთი წერილი გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მავნებლური პროპაგანდის შეწყვეტისკენ მოუწოდა. 

საქართველოს მთავრობამ, ჰააგის საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების ფონზე, მაინც გააგრძელა კონტრაქტი „ფრონტერასთან“ და შესაძლებლობას მისცა კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ქვეყნის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანებით, კერძოდ, საქართველოს, როგორც საინვესტიციო ქვეყნის დადებითი რეპუტაციისა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის პოზიტიურ ნიშნულზე შენარჩუნების აუცილებლობით დაასაბუთა. 

ნახეთ მეტი
Back to top button