პოლიტიკა

აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს — გახარია

,,News.on.ge” წერს, რომ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და საქართველო “წარსულის შეცდომევს” აღარასდროს გაიმეორებს. ასე ის აგვისტოს ომის 12 წლისთავს გამოეხმაურა.

“ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს, რადგან კარგად ვიცით, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს და რომ სწორედ მშვიდობა, ერთობლივი შრომა და ეკონომიკური წინსვლა, განვითარებაა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების წინაპირობა. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების არჩევანი არის მშვიდობიანი, რაციონალური და თანამიმდევრული პოლიტიკა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე — სრულ დეოკუპაციამდე და ხელოვნურად გახლეჩილი საზოგადოებების ერთიან, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოში მშვიდობიან თანაცხოვრებამდე”, — წერს გახარია ფეისბუქზე.

მისივე განცხადებით, საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გზაზე ვდგავართ, საბოლოო მიზანი კი სრული დეოკუპაციაა.

“12 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეები გამოვიარეთ. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ასეულობით ჩვენი მოქალაქის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა, დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ტერიტორიები. ეს იყო ტრაგედიით სავსე დღეები, რომელმაც დაგვიტოვა უდიდესი ტკივილი და მძიმე შედეგები. ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას. ჩვენ ამ გამოწვევის გადაჭრის მშვიდობიან გზაზე ვდგავართ და ამ პროცესში ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები”, — აღნიშნავს გახარია.

აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, ცეცხლი გაუხსნა ქართულ სოფლებს, დაიკავა როკის გვირაბი. საქართველომ რუსულ აგრესიას უპასუხა. ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232 პირს შეადგენს. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

IDFI-ის ინფორმაციით, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოში 263 598-მდე გაიზარდა დევნილთა რაოდენობა. 2009-2015 წლებში კი, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა ჯამში 18 679 ოჯახს.

2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით. საოკუპაციო ხაზთან კვლავ არსებობს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები. ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებულია მავთულხლართები და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close