არსებული ვითარება ხელსაყრელია მხოლოდ ჩვენი მტრებისთვის: შირაქ ტოროსიანი ახალქალაქის მოვლენების შესახებ

ძვირფასო თანამემამულეებო, არსებული ვითარება ხელსაყრელია მხოლოდ ჩვენი მტრებისთვის, რომლებიც თავიანთი ბუნაგებიდან შეეცდებიან გააღრმავონ არასტაბილურობა და ისარგებლონ ამით. ამის შესახებ პატრიოტული კავშირის „ჯავახეთის“ თავმჯდომარემ შირაქ ტოროსიანმა ჩანაწერი გააკეთა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
ძვირფასო თანამემამულეებო, ღრმა მწუხარებით, დიდი შეშფოთებით გავიგეთ ახალქალაქში 8 აგვისტოს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების შესახებ, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, გარდა ამისა არის დაჭრილები, მოხდა ნგრევა, ცეცხლი წაუკიდეს სახლებს, დაფშვნეს მანქანები.
მეგობრული საქართველოს შინაგანი სტაბილურობა და ერთიანობა, განსაკუთრებით ჯავახეთის რეგიონში აუცილებლობას წარმოადგენს როგორც საქართველოსათვის, ასევე სომხეთისთვისაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ, რომ იყოთ მშვიდად, არ აყვეთ პროვოკაციებს, თავი შეიკავოთ არსებულ შოკისმომგვრელ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებისაგან, ნაბიჯების გადადგმისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ახალი ტრაგედიები, შეუქცევადი ზარალი.
ძვირფასო თანამემამულეებო, არსებული ვითარება ხელსაყრელია მხოლოდ ჩვენი მტრებისთვის, რომლებიც თავიანთი ბუნაგებიდან შეეცდებიან გააღრმავონ არასტაბილურობა და ისარგებლონ ამით. ჩვენს რეგიონში არსებული დაძაბულობის პირობებში, ნებისმიერ დროს შეიძლება შეიქმნას საომარი ვითარება სომხეთისა და საქართველოს საზღვრებზე. მამაცი ჯავახელების ბრძოლის უსაზღვრო სულიერი ენერგია მხოლოდ ასეთ შემთხვევებში უნდა გამოვიყენოთ, ხოლო ამ ტრაგიკული მოვლენებიდან გამოსავალი უნდა იპოვონ მხოლოდ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა.
ჩვენ ვუთანაგრძნობთ მოკლული კულიკამელი ახალგაზრდის ოჯახს, ნათესავებს, ახლობლებსა და მეგობრებს. “