მთავარისაზოგადოება

ახალქალაქში მდგომარეობა სტაბილურია: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

როგორც  „1in.am“  წერს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ახალქალაქში მდგომარეობა სტაბილურია, ადგილზე მობილიზებულია პოლიციის  ძალები, რომლებიც იღებენ შესაბამის პროფილაქტიკურ ზომებს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.

”გუშინ ახალქალაქში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ერთი ადამიანი დააპატიმრეს განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გაირკვა, რომ 1983 წელს დაბადებულმა პირმა, უთანხმოების ნიადაგზე  ცეცხლსასროლი იარაღით  განზრახ მოკლა 1993 წელს დაბადებული პირი. მკვლელობის შემდეგ დაპირისპირება ჯგუფურ  ძალადობაში გადაიზარდა, რის შედეგადაც კერძო საკუთრება დაზიანდა.  საქმეს იძიებენ ჯგუფური  ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობისთვის, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები”, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისი თქმით, მიიღება ოპერატიული ზომები ჯგუფურ  ძალადობაში მონაწილე  დამნაშავეების დასადგენად. ”როგორც ხედავთ, სიტუაცია სტაბილურია.  მაქსიმალურად მობილიზებულია პოლიციის ძალები, რომ მიიღონ შესაბამისი პრევენციული ზომები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად”, – განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბორცვაძემ ახალქალაქში.

ნახეთ მეტი
Back to top button