საერთაშორისო

საქართველოს საგარეო ვაჭრობა შემცირებას განაგრძობს

როგორც „სპუტნიკი საქართველო“ წერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის – „საქსტატზე“ დაყრდნობით, საქართველოდან ექსპორტი კვლავ მცირდება – მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით ქვეყნიდან გაიტანეს 1,8 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია – 16,8%-ით ნაკლები, ვიდრე ერთი წლის წინ.

2020 წლის იანვარ-ივლისში იმპორტის ღირებულებამ 4,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 17,9%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საერთო ჯამში, 2020 წლის დასაწყისიდან საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17,6%-ით შემცირდა და დაახლოებით ექვსი მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გათვალისწინების გარეშე).

საგარეო ვაჭრობის ვარდნის ტემპი

მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16,4%-ით დაეცა, აქედან ექსპორტი – 21,6%-ით, იმპორტი კი – 14,3%-ით.

ვარდნის ტემპმა შემცირება ივნისში დაიწყო – საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16%-ით დაეცა, აქედან ექსპორტი – 13,1%-ით, იმპორტი – 17,2%-ით. მაისში იგივე მაჩვენებელი 33,2%-ის ტოლი იყო, აქედან ექსპორტის ვარდნა – 30,6%, იმპორტისა – 34,3%.

კორონავირუსმა ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა – იზარალეს სასტუმროებმა, რესტორნებმა, სავაჭრო ცენტრებმა, დასვენებისა და გართობის სფეროებმა, ტრანსპორტმა. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ასევე ფინანსური, სამშენებლო, უძრავი ქონების, სამრეწველო და განათლების სფეროები.

როდის გაუმჯობესდება ვაჭრობის მაჩვენებელი?

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი აკაკი ცომაია ფიქრობს, რომ საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი ეკონომიკის ზრდის შემთხვევაში გამოსწორდება.

„მაჩვენებლები გაუმჯობესებას დაიწყებს, როგორც კი ეკონომიკაში რაიმე საკვანძო ცვლილებები მოხდება. ანუ, როდესაც საქართველოს ეკონომიკა ზრდას დაიწყებს, როდესაც ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი, მათ შორის, ტურიზმის სექტორში, იპოვიან რაიმე ალტერნატივას ან ტურიზმი კვლავ ამუშავდება, ისინი კვლავ მიიღებენ შემოსავალს და დაიწყებენ მეტის ხარჯვას მოხმარებაზე“, – განუცხადა ცომაიამ Sputnik-საქართველოს.

ექსპერტის თქმით, ამ შემთხვევაში გაიზრდება იმპორტი და შესაძლებელი იქნება ექსპორტზე საუბარიც.

„როდესაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას დაიწყებენ, ჩვენი ექსპორტიც მოიმატებს“, – აღნიშნა ცომაიამ.

ნახეთ მეტი
Back to top button