
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უკმაყოფილება გამოთქვა ამ ბოლო კვირაში სომხეთისათვის რუსეთის მიერ სამხედრო ტვირთის ახალი ჯგუფების მიწოდებაზე. ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს და აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარი წამოიწყო ილჰამ ალიევმა სომხეთზე იარაღის მიწოდების საკითხის განსახილველად.
კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი იარაღის შესახებ. ”ივლისში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის კონტექსტში, პრეზიდენტებმა განიხილეს რეგიონალური საკითხები. რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც სიტუაციას გააუარესებს“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
პოლიტოლოგ გარიკ ქერიანის აზრით, ეს არის რუსეთის პასუხი თურქ-აზერბაიჯანული დაახლოების საკითხთან დაკავშირებით. ”ტავუშის ინციდენტების საპასუხოდ, როდესაც მოხდა კონფლიქტის მთელ ზონაში ესკალაცია, თურქეთმა საკმაოდ სწრაფი რეაგირება მოახდინა. პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერენ აზერბაიჯანს ყველა შესაძლო სცენარში, კვლავ შეახსენეს მათი კონცეფცია „ერთი ერი ̶ ორი სახელმწიფო“. ამას მოჰყვა ინფორმაცია, რომ ნახჭევანის სექტორში მოხდა თურქეთის სამხედრო ყოფნის გაფართოება, რაც გაკეთდა იმისათვის, რომ სომხეთზე ზეწოლა განხორციელებულიყო, რათა ტავუშის ფრონტზე სომეხებს არ დაეწყოთ უფრო გადამწყვეტი ქმედებები,” – ამის შესახებ განუცხადა პოლიტოლოგმა „არაჯინ ლრატვაკან“-ს.
ქერიანის თქმით, მეორე შესაძლო ოპერაცია იყო ერთობლივი თურქეთ-აზერბაიჯანული სამხედრო წვრთნები. ”მათ ასევე აჩვენეს ძალა. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა არამარტო ზეწოლა მოახდინა სომხეთზე, არამედ გამოავლინა გარკვეული ძალა რუსეთის წინააღმდეგ, რადგან რუსეთი არასოდეს შეეგუებოდა თურქეთის ყოფნას სამხრეთ კავკასიის რეგიონში ან თურქეთის მიერ იარაღის გამოყენებას. ამ მოვლენებმა ალბათ დააფიქრაა კრემლის ხელმძღვანელობა იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლებელია თურქეთმა აქტიური ზომები მიიღოს. სომხეთში საბრძოლო მასალის შემოტანა არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი სომხეთს მიეწოდება. ეს უბრალოდ გაკეთდა რუსეთის სამხედრო ბაზის გასაძლიერებლად, აგრეთვე აქ რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმის ს პოტენციალის გასაძლიერებლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იყო რუსეთის პასუხი თურქეთის ახლანდელ ნაბიჯებზე ნახჭევანში თურქეთ-აზერბაიჯანული სამხედრო წვრთნების ჩატარების თვალთახედვით. ეს იყო გაფრთხილება, რომ რუსეთი არ მისცემს საშუალებას თურქეთს უფრო აქტიური გახდეს რეგიონში. ”
როგორც პოლიტოლოგმა ხაზგასმით აღნიშნა, ბუნებრივია ამან აზერბაიჯანული მხარის შეშფოთება გამოიწვია, რადგან შეტანილი საბრძოლო მასალა გაურკვეველი მიმართულებით არ იკარგება, ის სომხეთში გროვდება. ”ალიევი იმაზე წუხს, რომ რუსეთი ზრდის თავის სამხედრო ყოფნას რეგიონში. ამ სატელეფონო საუბრის კომენტარისას უნდა იქნას გათვალისწინებული არა მხოლოდ ყარაბაღის კონფლიქტი, სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობები, არამედ თურქეთის პოლიტიკაც, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებიც, რომელთაც აქვთ სხვადასხვა ფენა. თუ ამ ურთიერთობებს სირიაში თანამშრომლობის ხასიათი აქვსთ, სხვა დანარჩენ ადგილას მათ აქვთ კონფლიქტური ხასიათი. არსებობს მრავალი საკითხი, სადაც რუსები და თურქები ერთმანეთს ვერ უგებენ და ეს ეხება სამხრეთ კავკასიის მიმართულებასაც”, – დაასკვნა გარიკ ქერიანმა.