ეკონომიკა

ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში: საწვავის მოწოდება და მასზე მოთხოვნილება გაიზარდა

,,სპუტნიკი საქართველო” წერს, რომ საქართველოში საწვავის იმპორტი გაიზარდა – იანვრიდან ივლისის ჩათვლით ქვეყანაში 608,3 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი შემოვიდა, რაც 4,6%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამის შესახებ საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაშია აღნიშნული.

რა უწყობს ხელს ნავთობპროდუქტების იმპორტის ზრდას, საიდან შემოაქვთ და რა ღირს ბენზინი და დიზელის საწვავი საცალო ქსელში – ამის შესახებ Sputnik-საქართველო გესაუბრებათ.

რატომ გაიზარდა მოთხოვნილება საწვავზე?

საწვავის იმპორტის ზრდა, ძირითადად, დიზელის საწვავის იმპორტის ზრდითაა განპირობებული, განაცხადეს საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

ბენზინის იმპორტმა 2020 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით 295,2 ათასი ტონა შეადგინა, დიზელის საწვავისამ – 313,1 ათასი ტონა. ბენზინის იმპორტი შემცირდა 1,4%-ით 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, დიზელის საწვავისა კი გაიზარდა 11,1%-ით.

„საწვავის იმპორტის ზრდა, ძირითადად, განპირობებულია დიზელის საწვავის იმპორტის ზრდით, რაც, თავის მხრივ, უკავშირდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მფლობელთა წახალისების სახელმწიფო პროგრამას, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დიდ მოცულობას და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მოძრავი სატრანსპორტო-სატვირთო საშუალებების რაოდენობის ზრდას. 2020 წლის პირველ ექვს თვეში ეს მაჩვენებელი 13,2%-ით გაიზარდა“, – აღნიშნეს კავშირში.

საიდან და როგორ შემოდის?

საწვავი საქართველოში შემოდის რუსეთიდან, რუმინეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, ავსტრიიდან, სინგაპურიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, შვეიცარიიდან და ჰონგ-კონგიდან სარკინიგზო გზით და ზღვით.

ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილი მომწოდებელი კვლავ რუსეთია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2020 წლის პირველ ექვს თვეში რუსეთიდან შემოვიდა 212,8 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი, რაც მთელი იმპორტის 35%-ს შეადგენს.

საწვავის ფასი

საქართველოში დღეს 5 მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა, არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ.

ამჟამად ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელებში ერთი ლიტრი ბენზინის ფასია: პრემიუმის — 2,01-2,15 ლარი, რეგულარის — 1,88-2,05 ლარი, ევრო დიზელის – 2,03-2,17 ლარი. ლარის კურსი დოლართან მიმართებით არის – $1/₾3,1.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან საქართველოში საწვავის ფასი საშუალოდ 70-80 თეთრით შემცირდა. ივნისის შუა რიცხვებიდან ბენზინისა და დიზელის ფასებმა მატება დაიწყო.

„ეს უკავშირდება იმას, რომ მსოფლიოში ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნის პარალელურად გაჩნდა მოთხოვნილება ნავთობზე და ფასებმა ზრდა დაიწყო“, – აღნიშნეს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

მათივე თქმით, საწვავის ფასის შესაძლო ზრდის ტენდენციაზე წინასწარ საუბარი და გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება არასწორია, მით უფრო, რომ კორონავირუსი ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა, ნავთობის ფასი კი გლობალურ ბაზრებზე პირდაპირ არის დამოკიდებული პანდემიაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button