საქართველოში არჩევნების წინახანებში იხილება ლუსტრაციის აუცილებლობის საკითხი
როგორც 1in.am წერს, საქართველოში არჩევნების წინ განხილული ერთ-ერთი საკითხთაგანი ლუსტრაციის საჭიროებაა. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან კობერიძის თქმით, „ლელო“ არის ის პარტია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მსგავს საკითხზე მუშაობა და პარლამენტში შესვლის შემდეგ ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონი, რომლის ინიცირებასაც მოახდენენ.
„დაახლოებით ორი წლის წინ მქონდა მცდელობა, დამეწყო ლუსტრაციის კანონის ინიცირება, თუმცა ამ ინიციატივამ „ქართული ოცნების“ გუნდში ენთუზიაზმი და მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. მე ვარ „ლელოში“ სწორედ იმიტომ, რომ ეს არის გუნდი, ვისაც აქვს მორალური უფლება, ისაუბროს მსგავს თემებზე და დააყენოს მსგავსი ტიპის საკითხები. ლუსტრაციის კანონი იქნება პირველი, რომელსაც „ლელო“ პარლამენტში შესვლისთანავე გაუკეთებს ინიცირებას. თუკი გვინდა, დავემშვიდობოთ საბჭოურ წარსულსა და აზროვნებას და ქვეყანა წავიდეს პროგრესისკენ, იმისათვის, რომ დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი; იმისათვის, რომ მომავალ თაობებმა შეძლონ უკეთესი საქართველო შენება; იმისათვის, რომ ქვეყანამ იაროს პროგრესის გზით, ლუსტრაციის კანონი არის დაუყოვნებლივ მისაღები“, – აცხადებს ლევან კობერიძე.
კობერიძის თქმით, ბევრი ცდილობს კანონპროექტის დაკნინებას და ჰგონიათ, რომ ის წინა თაობის, რომლებიც თანამშრომლობდნენ საბჭოთა სპეცსამსახურებთან, სიების გამოფენას ისახავს მიზნად. ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ასე არ არის.
„ჩვენი ამოცანაა, პოლიტიკურ და საჯარო სივრცეში იმ პირების შეზღუდვა, რომლებიც თანამშრომლობდნენ და ახლაც თანამშრომლობენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან და პირველ რიგში, რუსეთთან, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა მათ მიერ ოკუპირებულია. ვალდებულები ვართ, ეს კანონპროექტი წინა ხაზზე წამოვწიოთ და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ პარლამენტში გვექნება მხარდაჭერა. ამ პირების არდაშვება საჯარო სამსახურში და პოლიტიკურ თანამდებობებზე შეიძლება, გავრცელდეს სასამართლო სისტემაზე და იმ მოსამართლეებზე, რომელთაც შეიძლება, გარკვეული კავშირი ჰქონდეთ დანაშაულებრივ ხელისუფლებებთან ან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. ეს არის ის თემა, რაც ქვეყანაში მომავალ თაობას დაანახებს, რომ დღევანდელი პოლიტიკური პირები მზად არიან, გაემიჯნონ ამ თემებს. „ლელოსთვის“ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსტიტუციები არ იყვნენ დაკნინებული“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
ლუსტრაციის კანონზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა ფიქრია ჩიხრაძემაც. მისი თქმით, საკითხი აქტუალურია განსაკუთრებით იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა, რომ საქართველოში ძალიან აქტიურად მუშაობს რუსული ძალა.
„საზოგადოებას გვინდა, ვესაუბროთ ლუსტრაციის კანონზე, რაც დამოუკიდებლად არაერთხელ გამხდარა აქტუალური. დღეს ეს კანონი და ეს თემა არ კარგავს აქტუალობას, განსაკუთრებით იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა, რომ საქართველოში ძალიან აქტიურად მუშაობს რუსული ძალა. სამწუხაროდ, ჩვენი სპეცსამსახურები ჯერ ვერ არიან სათანადო სიმაღლეზე, რათა ყველაფერს ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიონ. მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა რუსული და სხვა სპეცსამსახურების გავლენისაგან ჩვენს პოლიტიკურ, მედია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, – აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.