საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა: “ივლისის ეკონომიკური მაჩვენებლები ადასტურებს, რომ ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზე დგას” – თურნავა
,,Metronome.ge” წერს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ივლისში საქართველოს ეკონომიკის 5.5%-ით შემცირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ განწყობას, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზე დგას.
აღნიშნული განცხადება მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ივლისში, მართალია, ჯერ კიდევ გვაქვს ვარდნა, რადგან წლევანდელი წელი ვერ იქნება პოზიტიური, მაგრამ მაჩვენებელი არის -5.5%, რაც სამჯერ უფრო ნელი ვარდნის მაჩვენებელია, ვიდრე – აპრილის მაჩვენებელი. თუ მიადევნებთ თვალ-ყურს, თვიდან თვემდე, როგორ სუსტდებოდა ეკონომიკის შემცირების ტემპი, პოზიტიურ დინამიკას თვალნათლივ დაინახავთ. მაგალითად, აპრილში გვქონდა -16.6%, მაისში -13.5%, ივნისში, მაშინ, როცა პრაქტიკულად, მოვხსენით შეზღუდვები, იყო -7.7% და ივლისში – 5.5%. ანუ, პრაქტიკულად, სამჯერ გაუმჯობესდა და გაჯანსაღდა ჩვენი ეკონომიკა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თედორაძის განცხადებით, წინასწარი შეფასებით, ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა.