პოლიტიკა

ოკუპირებულ ცხინვალში არსებულ ვითარებაზე პრეზიდენტმა გაეროსა და ევროკავშირს მიმართა

,,News.on.ge” წერს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების — გაეროსა და ევროკავშირის ხელმძღვანელებს წერილობით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.

ასევე, მიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, რათა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი, ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარების ესკალაცია. მოსახლეობა საფრთხეებისგან დაცული იყოს და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები მომავალში აღარ დაირღვეს .

პრეზიდენტის მიმართვაში აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სოციალური და ჰუმანიტარული მდგომარეობა მუდმივად და სწრაფად უარესდება. სისტემატურად და უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები.

ამავე მიმართვაში წერია, რომ ადგილი აქვს საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს. ხშირია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო საპატიმროებში ადამიანების გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შემთხვევები. ასევე, სისტემატურ ხასიათს ატარებს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.

ნახეთ მეტი
Back to top button