სახმელეთო გზით ჯერ-ჯერობით სომხეთში დაბრუნება შეუძლებელია

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ანა ნაღდალიანი მოუწოდებს ზემო ლარსში შეკრებილ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს საჰაერო გზით დაბრუნდნენ სომხეთში. ნაღდალიანმა ასეთი მოწოდება გააკეთა გუშინ გამართულ ბრიფინგზე. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „სპუტნიკი სომხეთი“.
”ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ სომხეთის მოქალაქეები რუსეთიდან სომხეთში ვერ დაბრუნდებიან სახმელეთო გზით, რადგან უცხოელთა შემოსვლის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოში კვლავ ძალაშია. სომხეთში სახმელეთო დაბრუნების სხვა გზა არ არსებობს, არ არსებობს ინფორმაცია როდის მოხდება ეს”, – თქვა ნაღდალიანმა.
მან სომხეთის მოქალაქეებს რეგულარული ფრენების გამოყენებისკენ მოუწოდა. ნაღდალიანმა შეახსენა, რომ კვირაში რამდენიმე ფრენა ხორციელდება რუსეთის ზოგიერთი რეგიონიდან, როგორიცაა მინერალნიე ვოდი, კრასნოდარი, სოჭი. რაც შეეხება სომხეთის მოქალაქეების მანქანებს, საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა აღნიშნა, რომ მათი ტრანსპორტირება სომხეთში სპეციალური სერვისების საშუალებით შეიძლება განხორციელდეს.