საზოგადოება

სომხეთსა და ყარაბაღში ომის ვეტერანებისთვის სამედიცინო მომსახურება გახდა უფასო

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ 1 სექტემბრიდან სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ყარაბაღისა და სამამულო ომის მონაწილეებისთვის მედიცინა უფასო გახდა. ამის შესახებ განაცხადა მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთიუნიანმა.

“ჩვენ სერიოზულად ვართ დაკავებული არცახში ჯანდაცვის სფეროთი. 1 სექტემბრიდან მედიცინა უფასო გახდა 90-იანი წლების არცახის ომის მონაწილეებისთვის და დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის სომხეთისა და არცახის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში. 1 იანვრიდან კი, არცახის ყველა მაცხოვრებელს შეეძლება უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებებში”, – აღნიშნა ჰარუთიუნიანმა.

მისი თქმით, ყარაბაღის საავადმყოფოებში მომუშავე ყველა ექიმსა და სამედიცინო მუშაკს ხელფასი უკვე 20-30 პროცენტით აქვს გაზრდილი და 1 იანვრიდან ისინი კიდევ უფრო გაიზრდება. ყარაბაღში სამედიცინო სფეროში სპეციალისტების ნაკლებობის შესახებ ჟურნალისტების კომენტარის საპასუხოდ, ჰარუთიუნიანმა აღნიშნა, რომ ყარაბაღის მთავრობის გეგმებშია სომხეთიდან სამედიცინო სპეციალისტების მოწვევა.

“რამდენიმე წლის წინ, კანადაში ექიმების ხელფასები გაიზარდა და შეერთებული შტატებიდან სპეციალისტებმა იქ დაიწყეს გადასახლება. წელს სომხეთიდან 30  სპეციალისტი უკვე გადმოსახლდა არცახში”, – აღნიშნა ჰარუთიუნიანმა.

მან ასევე პირობა დადო, რომ 1 იანვრიდან სტეფანაკერტში განახლებული სამშობიარო სახლი გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ არაიკ ჰარუთიუნიანმა მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა 21 მაისს. მანამდე იგი იკავებდა არაღიარებული მყრ–ის პრემიერ-მინისტრის პოსტს, შემდეგ კი ხელმძღვანელობდა პარტიას „თავისუფალი სამშობლო“.

ნახეთ მეტი
Back to top button