პოლიტიკა

ვოლსკი რუსი დეპუტატის განცხადებას “ნოვიჩოკის” საქართველოში დამზადებაზე მუქარად აფასებს

,,News.on.ge” წერს, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი რუსეთის დუმის დეპუტატის განცხადებას, რომ საწამლავი “ნოვიჩოკი” საქართველოში მზადდება, მუქარად აფასებს. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

“რუსეთმა, მით უმეტეს, მაღალსაექსპერტო დონეზე ზუსტად იცის, რომ არაფერი ამდაგვარი ლუგარის ლაბორატორიაში არ ხდება. ეს არის აშკარად პოლიტიკური დემარში, მე ვიტყოდი მუქარა, ისევე როგორ ბორდერიზაცია და ხალხის გატაცება. უნდა მოველოდოთ, რომ არჩევნების წინა პერიოდში ეს მიმართულება, ეს ტრენდი იქნება კიდევ უფრო გამძაფრებული”, — აღნიშნა ვოლსკიმ.

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი რუსეთში სწორედ “ნოვიჩოკის” ტიპის საწამლავით მოწამლეს. ეს არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც ნერვიულ სისტემას ანადგურებს.

ამ ინფორმაციის საპასუხოდ, რუსეთის დუმის დეპუტატი ამტკიცებს, რომ ეს ნივთიერება საქართველოსა და აშშ-ში მზადდება. პროსახელისუფლებო მედიის, რიას ინფორმაციით, ამის შესახებ დეპუტატმა მათ განუცხადა.

ამავე სააგენტოს ინფორმაციით, კრემლში განაცხადეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია ნავალნის “ნოვიჩოკით” მოწამვლის შესახებ, რადგან გერმანიის მთავრობას ოფიციალურად არ მიუწოდებია.

კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი, ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში, 20 აგვისტოს მოათავსეს. გერმანელმა ექიმებმა დაადგინეს, რომ ის მოწამლულია.

2 წლის წინ სერგეი და იულია სკრიპალები, ქალაქ სოლსბერიში იგივე ნერვო-პარალეპტიკური ნივთიერებით, ე.წ “ნოვიჩოკით” მოწამლეს.

გავრცელებული იყო ინფორმაციაც, რომ მომწამვლელი ნივთიერების ყველაზე დიდი კონცენტრაცია სკრიპალის საცხოვრებელი სახლის, შესასვლელი კარის სახელურზე იყო დატანილი. პოლიციის ცნობით, გაზი “ნავიჩოკი” არეული იყო გაურკვეველ სითხეში და ამგვარი მეთოდით გადაიტანეს კარის სახელურზე.

ნახეთ მეტი
Back to top button