ეჭვგარეშეა, რომ საქართველო გაამკაცრებს პირობებს: მელიქიანი “მწვანე დერეფნის” შესახებ

ქართველოლოგმა, სომხეთის სახელმწიფო მართვის აკადემიის რეგიონული კვლევების ცენტრის მეცნიერ-მუშაკმა, ჯონი მელიქიანმა „Sputnik სომხეთის“ ეთერში ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ალენ სიმონიანის მოსაზრებაზე სომხეთ-საქართველოს საზღვრის გახსნის პერსპექტივის შესახებ.
ჯონი მელიქიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლება წარმატებით იბრძვის კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ, მათ საკმაოდ კარგი მაჩვენებლები აქვთ რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, ამიტომ სურთ შეინარჩუნონ ეს ფონი საპარლამენტო არჩევნებამდე, რათა შეამცირონ შესაძლო ეპიდემიური რისკები.
სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე სპიკერმა ალენ სიმონიანმა გუშინ განაცხადა, რომ ახლა პირდაპირი სატრანსპორტო მიმოსვლა რუსეთთან შეწყვეტილია. რუსეთი და საქართველო ამას არ დაუშვებენ. ”მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდხანს არ გაგრძელდება, ჩვენ რუსებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ერთი თვის განმავლობაში, ქართველებთან კი – ვერ შევძლებთ“. როგორც სიმონიანმა თქვა, საქართველოში 31 ოქტომბერს არის ეროვნული არჩევნები, საზღვრები არ გაიხსნება სანამ არჩევნები არ დასრულდება.
”საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ ბოლო თვეების განმავლობაში პროგრესი განიცადა. ანტიკრიზისული ღონისძიებების დროს მისი რეიტინგი გაიზარდა, ამიტომ როგორც ექსპერტები, ასევე პოლიტიკოსები ქვეყანაში მომავალ არჩევნებს ერთგვარ ბარიერად თვლიან. საუბარია იმაზე, რომ შეიძლება ახალ წლამდე საზღვრები დახურული დარჩეს, რაც ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ პირობები გამკაცრდება საპარლამენტო არჩევნებამდე”, – განუცხადა ქართველოლოგმა „Sputnik სომხეთს“.
მელიქიანის თქმით, თუკი საქართველოში კორონავირუსის გავრცელება კონტროლიდან გამოვა, კარანტინი შეიძლება დაწესდეს სხვადასხვა ზონაში, მაგალითად, აჭარაში, სადაც ზაფხულის თვეებში ტურისტების დიდი რაოდენობა იმყოფებოდა. მელიქიანის თქმით, დრო გვიჩვენებს, თუ როგორ იმოქმედებს ანტიკრიზისული პოლიტიკა და არჩევნები ზოგად ვითარებაზე.
ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე სომხეთის მოქალაქეების ხშირ შეკრებაზე საუბრისას, რომელთაც სურთ სომხეთში დაბრუნება საქართველოს გავლით, მელიქიანმა თქვა, რომ რკინიგზა, რომ ყოფილიყო, საკითხის გადაჭა გარანტირებული იქნებოდა და ადამიანები შესძლებდნენ ერთი გაჩერებით სამშობლოში დაბრუნებას, მაგრამ საავტომობილო გზის შემთხვევაში, ეს საკითხი სათანადო მიდგომას მოითხოვს.
„დაინფიცირებულთა შორის ბევრი იყო სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელსაც ასევე არ აქვს გაჩერების უფლება, მაგრამ გარკვეული გარემოებების გამო მათ მოუწიათ გაჩერება და ხალხთან კომუნიკაცია, ამიტომ ისინი საკმაოდ სარისკოები არიან”, – ამბობს მელიქიანი.
მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე “მწვანე დერეფნის” უზრუნველყოფა მოითხოვს სერიოზულ რესურსებს, რადგან საკითხი გადაეცემა ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაც არ უნდა კეთილმეზობლური ურთიერთობა იყოს ორ ქვეყანას შორის, საქართველოს ინტერესები უპირველესია. მით უმეტეს, როცა არის მეორე მეზობელიც, აზერბაიჯანი, რომელიც შესაძლებელია მსგავსი წინადადებით გამოვიდეს მისი მოქალაქეებისათვის. როგორც მელიქიანმა თქვა, ამ საკითხისადმი საქართველოს მიდგომა მკაცრია და თუ საზღვარი დაკეტილია, ის ყველა მეზობლისთვისაა დაკეტილი.