მთავარიპოლიტიკა

სომხეთის მეგობრული ჟესტი საქართველოს მიმართ გაეროში – ექსპერტების ხედვა ერევნიდან

,,ნეტგაზეთი.ამ” წერს, რომ სომხეთი, რომელიც გაეროში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა სტატუსის შესახებ საქართველოს მხარდამჭერი განცხადების წინააღმდეგ ხმას 2008 წლიდან აძლევდა, მეორე წელია, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავს იკავებს.

ყარაბაღის კონფლიქტისა და დევნილების დაბრუნების საკითხის გამო, სომხეთი საქართველოს რეზოლუციას მხარს ვერ დაუჭერს.

პოლიტიკური მიმომხილველები/ექსპერტები სომხეთში აცხადებენ, რომ სომხეთში ახალი ხელისუფლების მოსვლით ოფიციალური ერევნის მიდგომები მართლაც შეიცვალა – სომხეთი ცდილობს, მეგობრულ ჟესტი გამოავლინოს მეზობელი ქვეყნის მიმართ და ამავე დროს, სურს, ორმხრივი ურთიერთობები და კავშირები გააღრმავოს.

პოლიტოლოგ ალექსანდრ მარკაროვის განმარტებით, მსგავს კენჭისყრებზე სომხეთი სახელმწიფოებრივი, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ხელმძღვანელობს და არ მონაწილეობას იმ კენჭისყრაში, რომელიც ორმხივ ურთიერთობებს არ წაადგება.

“აღნიშნული ჟესტით, რომელიც კეთილმეზობლურ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს საქართველოს მიმართ, სომხეთი ცდილობს აჩვენოს, რომ საგარეო პოლიტიკის საკითხებშიც საერთო მიდგომები არსებობს. თუმცა, ჩვენც უნდა ვნახოთ გამოხმაურება. მე ვერაფერს ვიტყვი იმაზე, თუ რა კონკრეტულ ნაბიჯებს მოელის სომხეთი საქართველოსგან, თუმცა საპასუხო ნაბიჯი მნიშვნელოვანია”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ალექსანდრ მარკაროვი.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ოდესმე სომხეთმა მხარი დაუჭიროს აღნიშნულ რეზოლუციას, ექსპერტი პასუხობს:

“სომხეთი მუდამ ისე აძლევს ხმას, როგორც მას უნდა, საკუთარი პრიორიტეტებისა და ინტერესების გათვალისწინებით. თუკი საუბარია იმაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ოდესმე სომხეთი ამ რეზოლუციას, მოდით ჯერ ის ვიკითხოთ, დადგება კი დღე, როცა საქართველოც გადადგამს მეგობრულ ნაბიჯს და პროსომხურ გადაწყვეტილებებს დაუჭერს მხარს? მე ვფიქრობ, თუ საქართველოს ჩვენ მიერ გადადგმულ მეგობრულ ნაბიჯზე რეაგირება არ ექნება, დასკვნების გამოტანა მოგვიწევს”.

ექსპერტი საქართველოსთან ურთიერთობების საკითხებში ჯონი მელიქიანი აცხადებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სომხეთის უარი კენჭისყრაში მონაწილეობაზე, დადებითად აისახება სომხურ-ქართულ ურთიერთობებზე, რამდენდაც აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს საგარეო დღის წესრიგისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

მისივე განმარტებით, სომხეთის სტრატეგიული მოკავშირე რუსეთისთვის, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სომხეთი რეზოლუციას მხარს არ უჭერს – “ესეც რუსეთთან სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნების წინაპირობაა”.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ოფიციალურმა თბილისმაც შეიტანა გარკვეული კორექტივები საკუთარ პოლიტიკაში სომხეთის მიმართ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ივლისში შეტაკებების დროს, როდესაც ქართულმა მხარემ მხოლოდ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გააკეთა განცხადება და ამასთან, პროაზერბაიჯანული მოწოდებები არ გაუჟღერებია.

“სომხეთი თავუშის მოვლენების დროს საქართველოს მიდგომას აფასებს. საქართველოს განცხადებები იყო ნეიტრალური და კონსტრუქციული”.

რაც შეეხება იმას, რომ დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის [სუამი]  ფარგლებში, რომლის წევრიცაა საქართველო, გავრცელდა პროაზერბაიჯანული განცხადება და რომელსაც ოფიციალური თბილისიც მიუერთდა, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ცალკეული ქვეყნის, საქართველოს პოზიცია უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სტრუქტურის, რომელსაც აზერბაიჯანი თავმჯდომარეობს.

მისივე განმარტებით, თბილისის მიერ სუამის განცხადებაზე უარი დემარშად იქნებოდა აღქმული.

“ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო უკრაინისგან და მოლდოვასგან განსხვავებით, დაბალანსებული და ნეიტრალურია, რაც დასაფასებელია”.

პოლიტოლოგი ჰრანტ მიკაელიანი კი აცხადებს, რომ ყარაბაღთან დაკავშირებით არც საქართველო უჭერდა მხარს სომხეთს და ამგვარად, ორივე ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში ერთმანეთის წინააღმდეგ აძლევდა ხმას.

პოლიტილოგი ამბობს, რომ ყოფილი ხელისუფლება ცდილობდა საქართველოს ხელისუფლებისგან მიეღო თანხმობა იმაზე, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ არ მიეცათ ხმა, რაც შეუძლებელი იყო აზერბაიჯანის საქართველოში გავლენის გამო.

მიკაელიანი მიიჩნევს, სომხეთის უკვე ახალი ხელისუფლება ცდილობს, თავად გადადგას პირველი ნაბიჯი და ახლა უკვე საქართველოს საპასუხო ნაბიჯსაც ელის.

“რუსეთში შეუძლებელია ეს ნაბიჯი არ შენიშნონ, რომელსაც უკვე მეორე წელია სომხეთი დგამს საქართველოსთან მიმართებაში. სომხეთის ხელისუფლებამ უნდა განუმარტოს ქართულ მხარეს, რომ ეს სერიოზული ნაბიჯია ჩვენი მხრიდან და თუკი სომხეთმა იპოვა საშუალება შემხვედრ ნაბიჯზე წასულიყო, საქართველომაც იგივე უნდა გააკეთოს”.

სომხეთის საგარეო უწყებამ აღნიშნული საკითხის შესახებ კომენტარისგან თავი შეიკავა.

ნახეთ მეტი
Back to top button