საქართველო ჯერ-ჯერობით არ აპირებს საზღვრების გახსნას ახალი ქვეყნებისათვის

,,News.am” წერს, რომ საქართველო არ აპირებს იმ ქვეყნების ჩამონათვალის გაფართოებას, რომელთანაც რეგულარული ფრენები განახლდება. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ჯანმრთელობის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, იუწყება ,,ნოვოსტი – გრუზია“.
მან ჟურნალისტების იმ კითხვას უპასუხა, განიხილავს თუ არა მთავრობა სხვა ქვეყნებთან საზღვრების გახსნას და რეგულარული ფრენების განახლებას, იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილია საქართველოში ჩამოსული ყველა უცხოელისთვის PCR ტესტის ჩატარება.
ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ”ასეთი წინადადება დღის წესრიგში არ დგას” და განმარტა ეს იმით, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა სხვა ქვეყნებში გაუარესდა, იუწყება ,,იმედი“.
უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად საბერძნეთში და პოლონეთში, ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით დაბალია, ვიდრე საფრანგეთში ან გერმანიაში. ამასთან, საქართველომ აგვისტოდან მხოლოდ ხუთი ქვეყნის: საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებისთვის გახსნა საზღვრები. კვირაში ორჯერ ხდება რეგულარული ფრენები თბილისის აეროპორტიდან ამ ქვეყნებში. ამ ქვეყნების მოქალაქეებსა და მუდმივ მაცხოვრებლებს შეუძლიათ ჩამოვიდნენ საქართველოში და დარჩნენ ქვეყანაში კარანტინის გარეშე. ამავდროულად, საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც იმავე ფრენებით ჩამოდიან სახლში, საჭიროა გაიარონ კარანტინი, რომელიც შემცირდა რვა დღემდე.
კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა:
საფრანგეთი – 7071 ახალი შემთხვევა დღეში, 4994 ინფიცირებული მილიონ მოსახლეზე
გერმანია – 990 შემთხვევა დღეში, 3014 ინფიცირებული მილიონ მოსახლეზე
პოლონეთი – 497 ახალი შემთხვევა დღეში, 1872 ინფიცირებული მილიონ მოსახლეზე
საბერძნეთი – დღეში 138 ახალი შემთხვევა, 1107 ინფიცირებული მილიონ მოსახლეზე
პოლონეთმა და საბერძნეთმა შესთავაზეს საქართველოსთვის საზღვრების გახსნა უსიტყვოდ, ანუ ისე, რომ ამ ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა არ გაიარონ კარანტინი, მაგრამ საპასუხოდ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა იგივე ნაბიჯის გადადგმაზე.
უფრო მეტიც, ჩარტერული ფრენები ვარშავასა და თბილისს შორის სექტემბრიდან ერთი მიმართულებით ხორციელდება: პოლონეთის ავიახაზის Lot თვითმფრინავს შეუძლია მგზავრების გაყვანა თბილისიდან, ხოლო ვარშავიდან მგზავრების გარეშე ცარიელი თვითმფრინავი უნდა ჩამოვიდეს თბილისში.