პოლიტიკა

სომხეთი მონაწილეობას მიიღებს “კავკასია -2020” სამხედრო სწავლების სახმელეთო ნაწილში

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების სატანკო და მოტოსასროლო ქვედანაყოფები მონაწილეობას მიიღებენ სტრატეგიულ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში “კავკასია -2020”. ინფორმაცია მიაწოდა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეფანიანმა.
მისივე თქმით, სომეხი სამხედროები იმოქმედებენ მაღალმთიან “ალაგიაზში” სამხედრო სასწავლებელში (სომხეთი) და “აშულუკში” (ასტრახანის მხარე).

წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად რუსეთმა სამხედრო მოსამსახურეები მოიწვია  სომხეთიდან, ბელორუსიიდან, ჩინეთიდან, მიანმიდან, პაკისტანიდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან. ,,რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ უცხოელი სამხედრო ატაშეებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ფომინმა.

მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ,,კავკასია 2020“-ის სამხედრო სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს ცხრა უცხო ქვეყნის სამხედრო შემადგენლობა.
”სახმელეთო ძალების შემადგენლობაში ერთობლივი ოპერაციების განვითარების მიზნით წვრთნებზე მოწვეულნი არიან სამხედრო შემადგენლობები სომხეთიდან, ბელორუსიიდან, ჩინეთიდან, მიანმიდან და პაკისტანიდან. აზერბაიჯანი და ირანი მოწვეულნი არიან კასპიის ზღვაში სამხედრო წვრთნების ეპიზოდებში მონაწილეობის მისაღებად”, – აღნიშნა ფომინმა.

მისივე თქმით, სწავლება ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპის განმავლობაში, სამხედრო მმართველი ორგანოები  სამხედრო ოპერაციებს დაგეგმავენ პირობით სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში. მეორე ეტაპზე გაიმართება მრავალეროვანი სამხედრო ჯგუფის ერთობლივი საბრძოლო მოქმედებები.
”დაგეგმილია ჯარების სახმელეთო დაჯგუფებების, საავიაციო, საჰაერო თავდაცვის დაჯგუფებების, შავი ზღვის და კასპიის საზღვაო ძალების გამოყენება მასიური საცეცხლო დარტყმის მიყენებისა და პირობითი მტრის დასამარცხებლად შეტევითი მოქმედებების განხორციელების დროს”, – აღნიშნა ფომინმა.
შეგახსენებთ, რომ სამხედრო წვრთნები ჩატარდება 21-26 სექტემბერს.

ნახეთ მეტი
Back to top button