სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი პარალელებს ავლებს სომხეთში ჩატარებულ “ხავერდოვან რევოლუციას” და ბელორუსის ანტისამთავრობო მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს შორის. მნაცაკანიანი ამ თემას შეეხო საინფორმაციო სააგენტოს EFE- სთვის მიცემულ ინტერვიუში.
„გაკვეთილი, რისი სწავლაც შეიძლება სომხეთის რევოლუციისგან, არის ის, რომ ეს იყო პროცესი, რომელიც ეხებოდა მხოლოდ სომხებს და არა სხვას. საუკეთესო გაკვეთილი ის არის, რომ ჩვენ უარს ვამბობთ გეოპოლიტიკაზე სომხეთში. რასაც მივაღწიეთ მხოლოდ ჩვენია, ჩვენ ამით კმაყოფილნი ვართ”, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, საქმე იმაშია, რომ ერევნის მთავარი მოკავშირე მოსკოვი არ ერეოდა სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებში, მან აირჩია არჩარევის პოლიტიკა, რამაც თავდაპირველად დააბნია ანალიტიკოსები. მნაცაკანიანმა იმედი გამოთქვა, რომ ბელორუსია ნახავს გამოსავალს. ამასთან, მინისტრის თქმით, გამოსავალი ბელორუსის საზოგადოების, ბელორუსის მოქალაქეების ხელშია.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და ბელორუსს “ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ” როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ფორმატით.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელორუსში დაიწყო 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც ბელორუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ხმათა 80,1% მიიღო.