,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა ჰაკობ არშაკიანმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც წარმოდგენილია ერთ-ერთი სომხური მოიერიშე უპილოტო მფრინავი აპარატი მოქმედებაში.
”განვითარებული სამხედრო ინდუსტრია დამოუკიდებელი სომხეთის ეკონომიკური განვითარების და უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია”, – წერს მინისტრი ფეისბუქზე განთავსებული ვიდეოს გვერდით.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ანადგურებს მიზანს სომხური მოიერიშე უპილოტო მფრინავი აპარატი ზუსტი დარტყმით.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვანისიანმა ადრე განაცხადა, რომ 13 ივლისი ისტორიაში შევა, როგორც სომხური წარმოების უპილოტო მფრინავი აპარატების საბრძოლო გამოყენების დღე. სომხური საბრძოლო უპილოტო მფრინავი აპარატები პირველად გამოიყენეს ომის დროს, საბრძოლო პირობებში და მათ ბრწყინვალე შედეგები დააფიქსირეს.
ამის შემდეგ, აგვისტოში, ჰაკობ არშაკიანმა განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ტავუშის სამხედრო ოპერაციების შემდეგ, სომხეთის სამხედრო ინდუსტრიის მიმართ ინტერესი გაიზარდა.