
რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა იმსჯელეს მთიან ყარაბაღსა და ბელორუსში შექმნილ ვითარებაზე, იტყობინება კრემლის პრეს-სამსახური.
სატელეფონო საუბარი ფრანგული მხარის ინიციატივით განხორციელდა. პუტინმა და მაკრონმა კონფლიქტის მხარეებს მოუწოდეს სწრაფი და სრული ცეცხლის შეწყვეტისკენ და დაძაბულობის განმუხტვისკენ.
”დეტალურად განიხილეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების მკვეთრი გამწვავება. სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს მიმდინარე მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების გამო. ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა მოწინააღმდეგე მხარეებს მოუწოდეს დაუყოვნებელი და სრული ცეცხლის შეწყვეტისაკენ, დეესკალაციისა და მაქსიმალური თავშეკავებისაკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
საუბრის დროს აღინიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისის პოლიტიკურ და დიპლომატიური მეთოდებით მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს. „ამ კონტექსტში განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის სპეციალური კრიტერიუმები, პირველ რიგში, ეუთოს მინსკის ჯგუფის ფორმატში. მათ გამოთქვეს მზადყოფნა გამოაქვეყნონ განცხადება მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ლიდერების სახელით (რუსეთი, საფრანგეთი და შეერთებული შტატები) შეიარაღებული კონფლიქტის დაუყოვნებლად დასრულების და მოლაპარაკებების განახლების სასარგებლოდ”, – წერს კრემლის პრეს-სამსახური.