
თუ საერთაშორისო საზოგადოებამ სწორად არ შეაფასა გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც ახლა მთიან ყარაბაღშია, მაშინ ევროპა ვენასთან თურქეთს უნდა დაელოდოს. ასეთი განცხადება გააკეთა სომხეთის პრემიერ- მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გერმანულ „Bild“ პერიოდულ გამოცემასთან საუბარში.
საუბრისას კითხვაზე, თუ რა უნდა გააკეთოს გერმანიამ შექმნილ ვითარებაში, ფაშინიანმა თქვა;
„ველოდები მკაფიო პოზიციას. თუ საერთაშორისო საზოგადოებამ შეცდომით შეაფასა ეს სიტუაცია, ევროპას მოუწევს დაელოდოს თურქეთს ვენის გარეუბნებში“.
პრემიერ- მინისტრის განცხადებით, ანკარა სირიიდან ახორციელებს ტერორისტების გადაბირებას და ტრანსპორტირებას აზერბაიჯანში არცახისა და სომხეთის წინააღმდეგ საბრძოლველად, ხოლო თურქეთის არმია უშუალოდ მონაწილეობს კონფლიქტში. ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება ანკარის იმპერიალისტურ პოლიტიკას.
„ვფიქრობ, რომ 100 წლის შემდეგ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში დაბრუნდა იმისათვის, რომ სომხების გენოციდი განაგრძოს. ახლა კი მთიანი ყარაბაღი და სომხეთი გახდა ცივილიზაციის ფრონტის ხაზი. სამხრეთ კავკასიის სომხები თურქეთისთვის ჩრდილოეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთით და დასავლეთით გაფართოების ბოლო დაბრკოლებაა. თურქეთის იმპერიალისტური პოლიტიკა ბევრად უფრო შორს მიდის, ვიდრე სამხრეთ კავკასიაა”, – თქვა ფაშინიანმა გაზეთის კორესპოდენტთან საუბარში.
მან ხაზი გაუსვა თურქეთის ქმედებებს ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიასა და შუა აღმოსავლეთში. მან კიდევ ერთხლ აღნიშნა, რომ მთიან ყარაბაღში არსებული მდგომარეობა არ არის მხოლოდ ადგილობრივი უსაფრთხოების საკითხი, ის გლობალური დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია, მას საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს სამი მიზეზის გამო.
”უპირველეს ყოვლისა, როგორც უკვე ვთქვი, თურქეთი აგროვებს სირიიდან ტერორისტებს, აგზავნის მათ არსახში, სომხების წინააღმდეგ საბრძოლველად. მეორე, ამ პროცესში მონაწილეობს თურქული არმია. ეს მიგვითითებს თურქეთის იმპერიალისტურ პოლიტიკაზე, რომლის მიზანია „ თურქეთის იმპერიის “ აღდგენა”, – თქვა პრემიერ მინისტრმა ფაშინიანმა.
შეეხო საკითხს, შესაძლებელია თუ არა ერდოღანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ახლა პრიორიტეტი მისი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოებაა.
”მომხდარს ვთვლი ტერორისტულ თავდასხმად. როდესაც ტერაქტი ხდება, ბუნებრივია, ნებისმიერი ქვეყნისთვის პირველია საკუთარი უსაფრთხოების დაცვისკენ მიმართული ზომების მიღება. ახლა ამით ვართ დაკავებული”, – თქვა მან.