არცახი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში შექმნილი ვითარება იძლევა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გადატანის ლეგიტიმურ უფლებას. ასეთი განცხადება გააკეთა არცახის რესპუბლიკის სპიკერმა ვაჰრამ პოღოსიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
მან აღნიშნა, რომ ამ დღეებში არცახი, გაზვიადების გარეშე, მონაწილეობს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი თქმით, ეს მტკიცება არ შემოიფარგლება მხოლოდ ექსპერტების დონეზე გაკეთებული დასაბუთებით.
”უპირველეს ყოვლისა, არცახისთვის ომის გამოცხადებით, აზერბაიჯანმა უარი თქვა სამშვიდობო მოლაპარაკებებით საკითხის მოგვარებაზე ეუთოს მინსკის ჯგუფის სამი თანათავმჯდომარე ქვეყნის (სხვადასხვა მსოფლიო ძალების წარმომადგენელი) ეგიდით და აირჩია საკითხის ძალის ან სამხედრო გზით მოგვარების უკიდურესი მიდგომა”, – დაწერა პოღოსიანმა და შემდეგ ჩამოთვალა სხვა მიზეზები.
კერძოდ, ომის პირველი დღიდან აზერბაიჯანმა მიზანში ამოიღო მშვიდობიანი დასახლებები, ისეთი იარაღის გამოყენებით, რომელიც აკრძალულია სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციებით.
გარდა ამისა, აზერბაიჯანმა არცახის წინააღმდეგ მასშტაბურ ომში ჩართო დაქირავებული ტერორისტები.
”ეს ნიშნავს, რომ არსებული ვითარება გვაძლევს ლეგიტიმურ უფლებას, გადავიტანოთ ჩვენი ოპერაციები აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე ტერორისტული ჯგუფებისგან გასათავისუფლებლად”, – წერს პოღოსიანი და დასძენს, რომ ჩვენი ბრძოლა სამართლიანია. მან გამოთქვა რწმენა, რომ მომავალი მოვლენები ჩვენს სასარგებლოდ განვითარდება. მან კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ შედეგებზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ოფიციალური ბაქოს დამარცხებულ სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომელსაც სათვეში ალიევის ოჯახი უდგას.