მთავარიპოლიტიკა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მოეწყო მასშტაბური აქცია “დავით გარეჯი საქართველოა”

ულტრანაციონალისტური პარტია „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე, დავით გარეჯის მონასტერთან.

აქციის მონაწილეები 20 მანქანით მივიდნენ მონასტერთან, შეძახილებით: ”დავით გარეჯი საქართველოა, გაუმარჯოს საქართველოს”. ,,სპუტნიკი საქართველო“ წერს, რომ მანამდე პარტიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან. მათ დაადანაშაულეს სააკაშვილი დავით გარეჯის გაყიდვაში და მოითხოვეს მისი პარტიის მოხსნა 31 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებიდან.

აქტივისტებმა განაცხადეს, რომ მასშტაბური აქციები მომავალ კვირას დაიწყება.

მანამდე საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანთან დემარკაციის პროცესში მონაწილე ორი პირი დააკავეს. ერთი მათგანი არის სადემარკაციო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი, მეორე – კომისიის ყოფილი წევრი ნატალია ილიჩევა. ამ საქმეზე დაიკითხა 60-მდე ადამიანი.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ, საჭირო გახდა სასაზღვრო ხაზების გაყვანა საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის. ამ მიზნით შეიქმნა სპეციალური სამთავრობო კომისია, რომლის ამოცანა იყო დემარკაციისა და დაყოფის ჩატარება. 1996 წლის ივნისში საქართველოსა და აზერბაიჯანის კომისიები შეთანხმდნენ, რომ საზღვრის გატარების საფუძველი იქნებოდა1938 წელს გაყვანილი ადმინისტრაციული ხაზები.

პროკურატურის მონაცემების თანახმად, მელაშვილი და ილიჩევა, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ დემარკაციის პროცესს, ვალდებულები იყვნენ კარტოგრაფიული სამუშაოები ჩაეტარებინათ,  რუკები და სხვა მასალები მოეძიათ, კვლევა ჩაეტარებინათ და ამის საფუძველზე შეექმნათ საქართველოს სასაზღვრო რუქების ალბომი, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს, თუმცა მუშაობის დროს მათ ხელთ ჰქონდათ 1937-1938 წლების ტოპოგრაფიული რუკის ორიგინალი, რომელიც  დაუმალეს კომისიის სხვა წევრებს. ეს რუქა მოკვლევის დროს იპოვეს ილიჩევას სამუშაო ოთახში. დაკავებულებმა ალბომის შესაქმნელად გამოიყენეს ტოპოგრაფიული მასალები, რომელიც ისტორიულად არ შეესაბამებოდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ მდგომარეობას.

საქართველოს პროკურატურამ ნაპოვნ რუქას ექსპერტიზა ჩაუტარა. შედეგად გაირკვა, რომ შეთანხმებული სასაზღვრო ტერიტორიები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის (2007 წლის ჩათვლით) არ შეესატყვისება 1937-1938 წლებში გამოქვეყნებულ ტოპოგრაფიულ რუკას. სხვაობა დაახლოებით 3,5 ათასი ჰექტარია, საქართველოს საზიანოდ. დაკავებულებს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. საქმის გამოძიება გრძელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button