
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სტაბილური ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა რთულია ეფექტური კონტროლის ღონისძიებების შესახებ შეთანხმებების გარეშე. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კომენტარი გააკეთა კომერსანტთან.
”პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაპირებები, რომლებიც არ არის უზრუნველყოფილი კონტროლის მექანიზმებით, ყოველთვის არ სრულდება. მოსკოვის 10 ოქტომბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების სპეციალური პარამეტრები შემდგომ შეთანხმდება. ამ საკითხის გადასაჭრელად არსებობს სხვადასხვა მიდგომა”, – აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა რამდენიმე მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლი და შენარჩუნება შესაძლებელია მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. ესენია: კონტროლის ელექტრონული საშუალებები (ვიდეოკამერების საშუალებით – რედაქტორი), ერევანსა და ბაქოს შორის მოქმედი ცხელი ხაზი, ეუთოს ეგიდით დამკვირვებლები, სამხედრო ძალების მონაწილეობით მოქმედებების განხორციელება. ამასთან, ლავროვმა თქვა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ჯერ კიდევ არ შეთანხმდნენ რაიმე მექანიზმზე.
”ამ დრომდე ვერ მოხდა ყველა პარამეტრის შეთანხმება. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება, მათ შორის, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ნებისმიერი მექანიზმი უნდა იყოს მისაღები მხარეებისათვის და ივარაუდოს რაც შეიძლება სწრაფი განთავსების შესაძლებლობა”, – აღნიშნა ლავროვმა.
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველმა, რობერტ ობრაიენმა, შესთავაზა სკანდინავიელი სამშვიდობოების განთავსება არცახში, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების საშუალება.