მთავარიპოლიტიკა

ზალკალიანი: პომპეოს ვიზიტი აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანია

მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერას და ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების, განვითარებისა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების საკითხებში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.  ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს „სპუტნიკი საქართველო“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაიკ პომპეოს ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.

ზალკალიანის განცხადებით, ვიზიტი გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ წარმოადგენს აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო ნიშანს, რაც სრულიად ეხმიანება ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე პარტნიორობას და ნაყოფიერ თანამშრომლობას.

დავით ზალკალიანის განმარტებით, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი რეგიონში დღეს არსებულ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოსადმი მხარდაჭერის გამოხატულებაა. მისი თქმით, მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ უფრო გაამყარებს ამერიკა–საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას. 

„დღეს მთელი რეგიონი რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას. ზუსტად ამ დროს საქართველოს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება აშშ-ის, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა და ეს ვიზიტი სწორედ ამ მხარდაჭერის ხაზგასმაა”, – განაცხადა ზალკალიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button