მთავარიპოლიტიკა

ევროპარლამენტარები ქართულ პარტიებს მოუწოდებენ კომპრომისისა და პარლამენტში მუშაობისკენ

“2020NEWS” წერს, რომ ევროპარლამენტის რამდენიმე წამყვანმა დეპუტატმა გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ, რომელშიც საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს მიულოცეს არჩევნების ორგანიზება გამოწვევებით სავსე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში.

ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის მიერ პირველი ტურის შეფასებებს და მეორე ტურის შემდეგ მოელიან დასაბუთებული საჩივრების სამართლიან, გამჭვირვალე და დეტალურ განხილვას.

ევროპარლამენტარები აფასებენ იმ ფაქტს, რომ არჩევნები ჩატარდა გაუმჯობესებული საარჩევნო სისტემით, რომელმაც გზა გაუკვალა გაცილებით პლურალისტური პარლამენტის შექმნას, თუმცა, წუხილს გამთქვამენ, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა მეორე ტურში არ იბრძოლეს.

ევროპარლამენტარების თხოვნაა, რომ დარჩენილი ხარვეზები მოგვარდეს ახალი საარჩევნი რეფორმის გზით, ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით და პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით.

ევროპარლამენტი კვლავაც მზად არის დასახმარებლად, მათ შორის საპარლამენტო დიალოგისა და საქართველოს პოლიტიკურ ფრაქციებს შორის შუამავლობისთვის, რათა მომავალი არჩევნებისთვის კანონმდებლობა დაიხვეწოს.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ მხარეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება, სიმწიფე, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატულ არჩევანს და ეძებონ საჭირო კომპრომისები ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების მიერ ორგანიზებული დიალოგისას, რათა უზრუნველყონ დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტის – პარლამენტის შეუფერხებელი ფუნქციონირება.

ევროპარლამენტარების განცხადებით, ახალ პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ კონსტრუქციულად უნდა იმუშაოს და გაითვალისწინოს საქართველოს მიერ არჩეული ევროპული გზის უმთავრესი ინტერესი.

განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი, მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე სვენ მიკსერი და ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

ნახეთ მეტი
Back to top button