აზერბაიჯანის პარლამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც იგი პრეტენზიას უცხადებს საფრანგეთის სენატს მთიანი ყარაბაღის შესახებ რეზოლუციის გამო და მოუწოდებს მთავრობას თხოვნით მიმართოს ეუთოს, რომ მან საფრანგეთი მოხსნას მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებიდან.
ტარონ ჰოვჰანნისიანის აზრით, ეს რეზოლუცია, რა თქმა უნდა, ძალზე არასასურველია აზერბაიჯანისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს არცახის საერთაშორისო აღიარებას. აზერბაიჯანული მხარე საკმაოდ მტკივნეულად იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს, ამიტომ ამ ეტაპზე ყველა შესაძლო რესურსი იქნა გამოყენებული საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული რეზოლუციისა და საფრანგეთის როლის დისკრედიტაციისთვის.
აზერბაიჯანულ მხარეს ესმის, რომ შეუძლებელია, მაგალითად, რუსეთის განდევნა კონფლიქტიდან ან დარეგულირების პროცესიდან, რადგან რუსი სამშვიდობოები უკვე მთიან ყარაბაღში იმყოფებიან. ამ შემთხვევაში ყველაზე სუსტი რგოლია საფრანგეთი, ხოლო შემდეგ კი შეერთებული შტატები, აქედან გამომდინარე აზერბაიჯანი აქტიურად უმიზნებს საფრანგეთს, შესაძლებლობად იყენებს რა სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციას”, – ამბობს ანალიტიკოსი.
ჰოვჰანნისიანის აზრით, საფრანგეთის მთავრობა, სავარაუდოდ, არ ცნობს არცახის დამოუკიდებლობას, თუ გავითვალისწინებთ სენატში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენლის გამოსვლას, ამიტომ დადებითი მოლოდინი ამ მომენტისათვის რეალური არაა, მიუხედავად იმისა, რომ მეორეს მხრივ სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია საერთაშორისო ასპარეზზე არცახის აღიარებისათვის ნიადაგს ამზადებს.
ანალიტიკოსის აზრით, საფრანგეთის სენატის რეზოლუცია შეიძლება გახდეს ჩვენი პოლიტიკის შემდგომი განვითარების საფუძველი, როგორც ადგილზე არსებული რეალობის, ასევე რუსული ფაქტორის და როლის გათვალისწინებით. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რა ამოცანას დავსვამთ ჩვენს წინაშე, თუ რა ნაბიჯებს ვგეგმავთ მის გადასაჭრელად.
თუ ჩვენი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად ისევ რჩება არცახის საერთაშორისო აღიარება, და აზერბაიჯანის შემადგენლობიდან ნებისმიერი სტატუსით გამოსვლის პრიორიტეტი, ამავდროულად, უნდა შეიქმნას პლატფორმები, რომლებიც წარმოაჩენენ და აჩვენებენ, რომ არცახის დამოუკიდებლობის აღიარება ერთადერთი სწორი გზაა საერთაშორისო სამართლის და სომხური მოსახლეობის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.