სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მონაწილეობა მიიღო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს ონლაინ სხდომაში. ამის შესახებ იტყობინება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ ჟომარტ ტოკაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ტალანტ მამიტოვი, კუხო-ს გენერალური მდივანი სტანისლავ ჩასი.
პრემიერ მინისტრი ფაშინიანი სიტყვით გამოვიდა, სადაც ის აზერბაიჯანის აგრესიის გამო მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებას შეეხო. პრემიერ მინისტრმა, კერძოდ, აღნიშნა.
”ბოლო ორი თვე სომეხი ხალხისთვის აგრესიის პერიოდია. აზერბაიჯანმა, რომელსაც მხარს უჭერდნენ თურქეთის მიერ ახლო აღმოსავლეთიდან დაქირავებული ტერორისტები, დაიწყო ომი სომეხი ხალხის წინააღმდეგ.
მოგეხსენებათ, რომ რუსეთის ფედერაციის შუამავლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა საომარი მოქმედებების შეწყვეტა და დაძაბულობის შემცირების ზომებზე შეთანხმება.
საომარი მოქმედებების დასრულებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა. კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული, რომლებიც რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიები არიან.
მაგრამ დღესაც გვაქვს მთელი რიგი გადაუდებელი პრობლემები.
უპირველეს ყოვლისა, ეს არის ტყვეთა, მძევლების, სხვა დაკავებული პირების, აგრეთვე დაღუპულთა ცხედრების გაცვლა, უგზოუკვლოდ დაკარგულთა ბედის განსაზღვრა. ეს არის საკითხები, რომელთა გადადება არ შეიძლება. სომხური მხარე მზად არის გაააქტიუროს თავისი მოქმედებები ამ პროცესის დაჩქარებისა და მისი ეფექტურობის გაზრდის მიზნით. ამავე დროს, აუცილებელია გამოირიცხოს სამხედრო ტყვეების მიმართ ძალადობის შემთხვევები და მათი ღირსების შელახვა.
მეორე ის არის, რომ უნდა შეიქმნას პირობები არცახელი ხალხის სახლებში დასაბრუნებლად და მთიანი ყარაბაღში ნორმალური ცხოვრების აღსადგენად. ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან, რომ მათ შეუძლიათ გააგრძელონ ცხოვრება საკუთარ მიწაზე. ათიათასობით არცახელი უკვე დაბრუნდა საკუთარ სახლებში. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ჩვენს თანამემამულეებს.
გარდა ამისა, საჭიროა ზომების მიღება აზერბაიჯანის ჯარების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სომეხი ხალხის კულტურული და რელიგიური ძეგლების დასაცავად.
დაბოლოს, საჭიროა სატრანსპორტო კომუნიკაციების უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა. აუცილებელია გამოირიცხოს ნებისმიერი პროვოკაცია, შეიქმნას ნორმალური პირობები არცახის მოსახლეობის სასიცოცხლო საქმიანობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მუშაობისთვის. ყველა ის ზომა, რაც მე მივიღე, მათ შორის რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვა, აუცილებელია მყარი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის“.
შეხვედრაზე განიხილეს ორგანიზაციის ფარგლებში მოკავშირეთა თანამშრომლობასა და კუხო- ს ეფექტურობის მუდმივ ზრდასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი. მათ გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებზე.