სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა რუბენ საფრასტიანმა ,,Sputnik სომხეთ“-თან საუბრისას განაცხადა, რომ სომხეთმა ოფიციალურად უნდა უპასუხოს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებებს. დღეს ბაქოში ჩატარებულ სამხედრო აღლუმზე ალიევმა აღნიშნა, რომ ერევანი, ზანგეზური და სევანი “აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორიებია”.
”ალიევის განცხადებები არ არის ახალი, ისინი აზერბაიჯანის მიერ ათწლეულების განმავლობაში გატარებული ანტისომხური პროპაგანდის ნაწილია, რომელიც ისტორიას აყალბებს. ამჯერად ალიევის სიტყვები შიშველი პროპაგანდის ფარგლებს გასცდა, ჯერ ერთი ეს სიტყვები პირველად წარმოთქვა სამხედრო აღლუმის დროს, რომელიც მიეძღვნა აზერბაიჯანის მიერ წამოწყებულ აგრესიულ ომში აზერბაიჯანისვე გამარჯვებას, მეორეც, ეს ნათქვამი იქნა თურქეთის პრეზიდენტის თანდასწრებით. ამიტომ სომხეთმა სერიოზულად უნდა აღიქვას ალიევის სიტყვები, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება უნდა გამოაქვეყნოს. დაუშვებელია მისი უპასუხოდ დატოვება”, – აღნიშნა საფრასტიანმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სამხედრო აღლუმზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ხალხი უნდა მოემზადოს სომხების წინააღმდეგ ახალი ომისთვის. ექსპერტის აზრით, სანამ რუსული სამშვიდობო ძალები მთიანი ყარაბაღის საზღვარზე იმყოფებიან, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი ომი რეალისტური არ არის.
”სანამ ჯერ იმას, რაც დარჩა მთიანი ყარაბაღიდან, იცავს რუსი სამშვიდობო ძალები, მე არ ვფიქრობ, რომ შეიძლება ახალი საბრძოლო მოქმედებები მოხდეს. მაგრამ თუ ისინი ხუთი წლის შემდეგ დატოვებენ მთიან ყარაბაღს, მაშინ ყველაფერს უნდა ველოდოთ“, – აღნიშნა საფრასტიანმა.
მისივე თქმით, სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, რუსეთი და CSTO იტყვიან თავიანთ სიტყვას.