მთავარისაზოგადოება

“კონცერტებისა და ნაძვის ხის ანთების ნახვა შესაძლებელი იქნება ტელეეკრანებიდან”- კალაძე

,,Metronome.ge” წერს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისში საახალწლო ღონისძიებები წელს განსხვავებულ ფორმატში გაიმართება, –  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მაღალი რისკის გამო, წელს საახალწლო სოფელი არ გაისხნება, აღნიშნული თანხა კი დედაქალაქში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად მიიმართება.

„როგორც იცით, წლევანდელი ახალი წელი რადიკალურად განსხვავებული იქნება წინა წლებისგან, ყველაფრით – მასშტაბებით, ღონისძიებებით. ეს ყველაფერი კი გამოწვეულია იმ პრობლემებით, რომელიც პანდემიამ შეგვიქმნა. ჩვენ წელს არ გვექნება საახალწლო სოფელი, რადგან ეს ადამიანებს უბიძგებს თავშეყრისკენ და ძალიან გაჭირდებოდა კონტროლი. შესაბამისად, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს საახალწლო სოფელი არ გაგვეკეთებინა და ის თანხები, რომელიც ამ მიმართულებით უნდა დახარჯულიყო, მიემართება იმ ოჯახების დასახმარებლად, ვისაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საახალწლო კონცერტები თბილისში 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს გაიმართება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

„ჩვენი ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 17 დეკემბერს აინთება. ვიცი, რომ ბევრი პატარა ელოდება ამ დღეს და მინდა, მათ და მათ მშობლებს მივმართო: მოემზადონ და ტელეეკრანებიდან მათ ექნებათ შესაძლებლობა, იხილონ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება. რაც შეეხება შემდეგ ღონისძიებებს, გვექნება რამდენიმე კონცერტი. 31 დეკემბერს გაიმართება კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ექნება მისი ნახვის შესაძლებლობა.  მასში მონაწილეობას მიიღებენ სოლო შემსრულებლები, ბენდები, ანსამბლები, კლასიკური ჟანრის შემსრულებლები და მსახიობები. სცენაზე უმეტესად ახალგაზრდები იქნებიან წარმოდგენილნი, ხოლო მაღალი რისკის მქონე ასაკოვანი შემსრულებლები საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან  და ტერასებიდან ჩაერთვებიან.  ჩართვებში ასევე, გამოჩნდებიან საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი მომღერლები. გარდა ამისა, კონცერტები გაიმართება 6 და 14 იანვარს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, რადგან მათი ჩართულობა საახალწლო კონცერტებში ძალიან მნიშვნელოვანია.

ნახეთ მეტი
Back to top button