
2020 წლის 17 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირი-სომხეთის პარტნიორობის საბჭოს მესამე სესია.
სომხეთში ევროკავშირის ოფისის უწყებით, მას თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯუზეპე ბორელი, ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში კომისარ ოლივერ ვარჰეის მონაწილეობით. სომხეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არა აივაზიანი.
საპარტნიორო საბჭომ შეაფასა ევროკავშირი-სომხეთის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების განხორციელება, რომელიც მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო და სხვა სფეროებში. ასევე განიხილეს ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების სხვა მნიშვნელოვანი თემატური მიმართულებები. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება ერთობლივი დღის წესრიგისადმი და მზადყოფნა დაეხმაროს სომხეთს რეფორმების გზაზე არსებული გამოწვევების გადალახვაში.
საპარტნიორო საბჭომ ყურადღება გაამახვილა COVID-19 ეპიდემიის შედეგად შექმნილ გამოწვევებზე, ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერას სომხეთის მოსახლეობის ცხოვრების, საარსებო წყაროს, საზოგადოებებისა და ეკონომიკის დასაცავად.
ევროკავშირმა და სომხეთმა ასევე განიხილეს ვითარება მთიან ყარაბაღში და მის გარშემო 2020 წლის 10 ნოემბერს საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, ევროკავშირის როლი სარეაბილიტაციო და შერიგების მხარდაჭერაში, აგრეთვე სხვა რეგიონული საკითხები.
”ევროკავშირი მიესალმება და მხარს უჭერს სომხეთის მტკიცე ვალდებულებას მიუხედავად ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა, რეფორმების დღის წესრიგის და ჩვენი ორმხრივი შეთანხმების სრულად განხორციელების საქმეში”, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ვიცე-პრეზიდენტმა ჯუზეპე ბორელმა. ”მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მცდელობის დამატებით, ევროკავშირი მზადაა გადამწყვეტი როლი შეასრულოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ყოვლისმომცველი მოგვარების საქმეში. ჩვენ მზად ვართ ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ მშვიდობის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის საშუალებებით”.
”ევროკავშირი მტკიცე მზადყოფნას გამოხატავს მხარი დაუჭიროს სომხეთის სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას, მიმდინარე შიდა რეფორმებს სომხეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ COVID-19– ის ეპიდემიის შედეგების განეიტრალებაში, მართლმსაჯულებისა და პოლიციის სფეროებში მთავრობის რეფორმის პრიორიტეტის მინიჭებაში, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ სომხეთის შემდგომი დახმარება გამოწვევების მოგვარებაში. ჩვენ მზად ვართ გამოვყოთ 10 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარება, ვიმუშაოთ კონფლიქტის უფრო სრულყოფილი მოგვარების, გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით”, – განაცხადა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისარმა ოლივერ ვარჰეიმ.
”პარტნიორობის საბჭოს სხდომის წინ ევროკავშირმა გამოაქვეყნა ანგარიში 2019 წლის მაისიდან დღემდე სომხეთში განვითარებული მოვლენების და ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების შესახებ. ანგარიში ხაზს უსვამს სომხეთის პროგრესს ევროკავშირი-სომხეთის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების განხორციელების პროცესში, მის თანმიმდევრულობას შიდა რეფორმების განხორციელებაში და ევროკავშირის მთავარ როლს მათ მხარდაჭერაში.
ევროკავშირი-სომხეთის პარტნიორობის საბჭოს სხდომა გაიმართა ევროკავშირი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საბჭოს სხდომის წინა დღეს. შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დასტურდება ევროკავშირის პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონის ქვეყნებთან, ევროკავშირის დახმარება რეგიონის აღსადგენად და მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.