პუტინმა მიუსამძიმრა ფაშინიანს მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, მამის, ვოვა ფაშინიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვებგვერდი.
”ძვირფასო ნიკოლ ვოვას ძევ,
გთხოვთ, მიიღოთ ჩემი უღრმესი სამძიმარი ვოვა ნიკოლის ძის გარდაცვალების გამო. მამის სიკვდილი მძიმე, შეუქცევადი დანაკარგია. გულწრფელად ვიზიარებ თქვენს ტკივილს და მწუხარებას. ამ რთულ პერიოდში თქვენ, თქვენს ნათესავებსა და მეგობრებს გისურვებთ ძალას და გამძლეობას”, – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სამძიმრის წერილში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრს სამძიმარი გამოუცხადეს ასევე არცახის პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთიუნიანმა, ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა, კუხოს გენერალურმა მდივანმა სტანისლავ ზასმა, სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ანდრეა ვიქტორინმა.
ვოვა ფაშინიანი ერთ კვირაზე მეტხანს იმყოფებოდა საავადმყოფოში. წლების წინ მას სიმსივნე დაუდგინეს. იგი 16 დეკემბერს გარდაიცვალა სამედიცინო ცენტრში ,,ნაირი“. იგი დაიბადა სოფელ ჯარხეჩში, მუშაობდა ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად სოფელ ჰაღარწინის საშუალო სკოლაში. ვოვა ფაშინიანის ამჟამინდელი ცოლი, ერჯანიკ ჩიბუხჩიანი, ნიკოლ ფაშინიანის დედა არ არის. მომავალი პრემიერ-მინისტრი 12 წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა ავადმყოფობის გამო. ვოვა ფაშინიანმა მეორედ იქორწინა. პირველი ქორწინებიდან დაბადებული სამი ვაჟი, მათ შორის ნიკოლ ფაშინიანი, დედინაცვალმა გაზარდა.