საზოგადოება

წინასაახალწლოდ საქართველოში ნაძვის ხეების უკანონო ჭრაზე კონტროლი მკაცრდება

,,სპუტნიკი საქაართველო” წერს, რომ ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიების მიზანი ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენცია და ქვეყანაში წიწვოვანი ხეების შენარჩუნებაა. დედაქალაქის მასშტაბით მონიტორინგი განხორციელდა სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიებზე. უწყების ცნობით, არც ერთ პუნქტზე სამართალდარღვევა არ გამოვლინდა. 

წიწვოვანი ხე–მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში ან  საკარმიდამო ნაკვეთებში. ამასთან, დასაშვებია იმპორტირებული ნაძვის ხეების რეალიზაციაც. ასეთ შემთხვევაში რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი.

კანონდამრღვევებისთვის გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები, რომლებიც მერყეობს 200 ლარიდან 2 ათას ლარამდე. ამ თანხას ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაც. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153. ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია.

ნახეთ მეტი
Back to top button