კულტურამთავარი

საახალწლო სუფრა სომხეთში – უძველესი და თანამედროვე

სომხეთში საახალწლოდ ჩამოსულ სტუმარს შეეძლება დატკბეს არა მხოლოდ უთვალავი   კერძებით, ახალი წლის მაგიდა კი სომხეთში ძალზე მრავალფეროვანია, არამედ განუმეორებელი ატმოსფეროთი, სომხეთში 13 იანვრამდე, ძველ ახალ წლამდე გაგრძელებული საახალწლო დღესასწაულების მთავარ გმირს ხომ სწორედ   სტუმარი წარმოადგენს, რომლის როლში  ასეა თუ ისე, აღმოჩნდება ყოველი.

თანამედროვე მაგიდა – მრავალფეროვანი მაგიდა

თანამედროვე სომხური საახალწლო სუფრა ითვალისწინებს გარკვეული საუზმეულის და ცხელი კერძების, ტკბილეულისა და ხილის ნაკრებს.

სომხური სამზარეულო ყოველთვის გამოირჩეოდა ხორციანი კერძების მრავალფეროვნებით. ბოლო წლების განმავლობაში, საახალწლო სუფრის მთავარი კერძები გახდა ღორის ბარკალი შეკაზმული სხვადასხვა სანელებლებით  – ნიორი, დაფნის ფოთოლი, ბაჰარი, დაფქული შავი და წითელი წიწაკა, ასევე ღუმელში გამომცხვარი ინდაური ვაშლით, ფარშირებული კაკალით, შავი ქლიავით და სხვა ჩირით.

სავალდებულო ცხელი კერძებია ტოლმა (ყურძნის ფოთლებში გახვეული) და ქიუფტა. თუ სომხური ტოლმის შესახებ  იცის ბევრმა, ქიუფთა სპეციფიკური კერძია. საქონლის ხორცი უნდა გაიწმინდოს ძარღვებისა და ცხიმებისგან და დაიბეგვოს ხის ჩაქუჩით, სანამ ცომისმაგვარი მასა არ მიიღება. ხორცს აყრიან მარილს და პილპილს და განაგრძობენ ბეგვას, სანამ არ გათეთრდება. შემდეგ მასა გადააქვთ ფართო თასში, ასხამენ არაყს და განაგრძობენ თქვეფას, სანამ ის ოდნავ გათხევადებას არ დაიწყებს. ამატებენ ათქვეფილ კვერცხს, ფქვილს და წვრილად დაჭრილ ხახვს, კარგად ურევენ და კვლავ თქვეფენ, სანამ ნარევი არ გახდება ერთგვაროვანი და ბლანტი. წყალს ადუღებენ დიდ ქვაბში, მიღებული მასისგან აკეთებენ დიდი დიამეტრის ბურთულებს და ხარშავენ 40-50 წუთის განმავლობაში, სანამ მზად არ იქნება. ქიუფტა ცხლად უნდა მიირთვათ ერბოსთან ერთად.

ხორცის ცივი საუზმეულთაგან სუფრაზე სავალდებულოა ბასტურმა და სუჯუხი. ბასტურმა არის ძროხის ხორცის ნაჭერი, მარილით გაჟღენთილი, დაწნეხილი, დაფარული პიკანტური სახვევის (ჩამანის) ფენით და გამომშრალი ჰაერზე. სუჯუხი არის ჰაერზე გამმომშრალი გაბრტყელებული ძეხვი დანაყილი საქონლის ხორცისგან, რომელიც შეკმაზულია ცხარე სანელებლებით. ბასტურმასაც და სუჯუხსაც მიირთმევენ ძალიან თხლად დაჭრილს.

ტრადიციისამებრ, საახალწლო სუფრაზე უნდა იყოს მინიმუმ ხუთიდან შვიდი სახის ტკბილეული. ეს არის ფახლავა, გოზინაყი, სხვადასხვა დაშაქრული ხილი, ჩირი და სხვადასხვა სახის ცომისგან დამზადებული გათა.

სადღესასწაულო სუფრა არ არის სრულყოფილი სომხური კონიაკისა და ღვინის, ასევე თამადისა და სადღეგრძელოების გარეშე.

ახალი წლის სიმბოლოები სომხეთში იგივეა, რაც ბევრ სხვა ქვეყანაში – მორთული ნაძვის ხე და ძმერ პაპი (თოვლის პაპა). გარდა ამისა, ყველა ცდილობს მორთოს სახლები აღმოსავლური კალენდრის მიხედვით მომავალი ახალი წლის სიმბოლოების მქონე ფიგურებით.

სომხეთის სამოციქულო ეკლესია 6 იანვარს ნათლისღებასთან ერთად ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს ღვთის მოვლინების ზოგადი სახელით. ამ დღეს მიირთმევენ მოხარშულ თევზს – ყველაზე ხშირად ეს არის იშხანი (კალმახი) და სიგი, ბოლო წლებში სტერლიადი, ასევე ფლავს ქიშმიშით და სხვადასხვა ჩირით, სასმელებიდან – წითელ ღვინოს.

უძველესი სომხების წეს-ჩვეულებანი და სამზარეულო

ეთნოგრაფი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი რაფაელ ნაჰაპეტიანი ირწმუნება, რომ წარმართობის პერიოდში ახალ წელს უფრო მდიდრულად აღნიშნავდნენ, მაგრამ არა საჭმლის სიმრავლის მნიშვნელობით. უძველესი სომხებისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო წეს-ჩვეულებები, ტრადიციები და შეჯიბრებები, რომელშიც მეფეც კი მონაწილეობდა.

ახალ წელს სომხები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ რიცხვს 7. ყველაფერს აკეთებდნენ შვიდ ცალს, რაც ნაჰაპეტიანის თქმით, შვიდი წარმართული ღვთაებით ასოცირდება.

დღესასწაულისთვის ამზადებდნენ გათას, ცომში ძვალს ან მონეტას დებდნენ და რთავდნენ მას წლის 12 თვის ან ოჯახის წევრების რაოდენობის შესაბამისად. საღამოს სახლის უფროსი ან დიასახლისი ოჯახის წევრებს უნაწილებდა და მას, ვისაც ძვალი ან მონეტა შეხვდებოდა, სჯეროდა, რომ ახალ წელს მას გაუმართლებდა.

ასევე წარსულში, ახალ წელს ფართოდ იყო გავრცელებული მარჩიელობის ტრადიციები. მაგალითად, თუ ბავშვი უნდა დაბადებულიყო ოჯახში, მაშინ ამზადებდნენ შესაბამის კვერს. თუ იგი გაღვივდებოდა, ნიშნავდა, რომ ბიჭი დაიბადებოდა, თუ არა – გოგონა.

ნაჰაპეტიანის თქმით, ახალი წლის სუფრაზე ხილი სავალდებულო იყო და თითოეულ ხილს თავისი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად, ვაშლი სიმბოლურად გამოხატავდა სიყვარულს და ასოცირდებოდა თანამგზავრის არჩევანთან.

”ვინაიდან დღესასწაულს მრავალი მნიშვნელობა აქვს, თითოეულ კერძს თავისი მნიშვნელობაც აქვს. ამასთან, წინა სისტემა არ მუშაობს და ახლა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხორცის კერძების სიმრავლესა და იმ კომპონენტებს, რომლებიც არასდროს გამოუყენებიათ”,- აღნიშნა ეთნოგრაფმა და დასძინა, რომ ადრე ხალხი საახალწლო სუფრის მდიდრულობას მნიშვნელობას არ ანიჭებდა.

სომხური ტრადიციული საახალწლო სამზარეულო ახალი წლის საზეიმო აღნიშვნასთან დაკავშირებული  ტრადიციების და წეს-ჩვეულებების მხოლოდ ერთ-ერთი ელემენტია.

უძველეს სომხებს საახალწლო ჩვეულებებისა და შეხედულებების ძალიან საინტერესო და გააზრებული ციკლი ჰქონდათ, რომელთა ნაწილი დღემდე შემორჩენილია სომხეთის სოფლებში. ახალი წელი ითვლებოდა ყველაფრის თავიდან დაწყების, დაშვებული შეცდომების გადახედვისა და მომავალში თავიდან აცილების მცდელობად, რაც ყველაფერ ცუდს ძველ წელს ატანდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სომხებმა შეინარჩუნეს  ახალი წლის ოჯახურ წრეში აღნიშვნის ჩვეულება.

სომხური ახალი წელი ფაქტიურად გაჯერებულია სხვადასხვა სიმბოლოებით. უძველესი დროიდან, ამ დღესასწაულის წინა დღეს, ოჯახის წევრები ცეცხლის გარშემო იკრიბებოდნენ, ამრიგად, თითქოს ცეცხლს “ატანდნენ” ყველა ცუდ მოგონებას, შეცდომას და მოვლენას. ცეცხლისგან სითბოსა და სინათლის მიღებით, ხალხს იმედი ჰქონდა, რომ მომავალი წელი ნათელი და თბილი იქნებოდა.

სომხებს წყლის კულტი ჰქონდათ – ახალი წლის ღამეს, შუაღამესთან ახლოს, გოგონები სასწრაფოდ მიიჩქაროდნენ წყაროსკენ, სადაც შემოწირულობის სახით სადღესასწაულო პურის ,,ტარეჰაც“-ის ნაჭერს აგდებდნენ, რომელშიც თილისმის სახით – ლობიოს, ღილს ან მონეტას დებდნენ. პური დაყოფილი იყო ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით. წარმატებული წელი ელოდა მას, ვისაც თილისმიანი ნაჭერი შეხვდებოდა.

სომხეთის ზოგიერთ რეგიონში ,,ტარეჰაც“-ის ცხობა დღემდე გავრცელებულია.

გარდა ამისა, ერთ – ერთი კერძი, რომელიც არსებობდა წინაქრისტიანულ ხანაში არის სამარხვო ტოლმა, რომელიც ადრე ღმერთებისთვის იყო განკუთვნილი შეწირულობის სახით. იგი მზადდება ლობიოს, ოსპის, მუხუდოსგან. სომხებს სჯეროდათ, რომ მარცვლეულისა და პარკოსნების შეწირვით  ისინი ღმერთებისგან იღებდნენ კურთხევას და მომავალი წლის მოსავალი ნამდვილად უხვი და ხარისხიანი იქნებოდა.

ტრადიციულად, სომხური საახალწლო კერძები ასევე არის “ანუშ აპური” (სუპი ჩირით) და “ღაფამა” (გოგრა ბრინჯის, თაფლის, ნიგვზის და ჩირის შიგთავსით).

თითოეულ სუფრას ამშვენებდა ლობიოს და ღოლოს სალათები, ასევე კიდევ ერთი სპეციალური კერძი “ხჩეხაშ” (წვნიანი ქოთანში). მას ახალი წლის ღამეს თონეში ათავსებდნენ და დილით ასხამდნენ თასებში. მიირთმევდნენ შემწვარი ხახვით ან კარაქით.

ძველ დროში სომხეთში გავრცელებული ტრადიცია იყო, ნაქსოვი წინდების გამოკიდვა ერდოზე, რომელშიც საჩუქრები იყო განთავსებული. ბევრ დასავლელ ხალხს მსგავსი ტრადიცია აქვს. ძნელი სათქმელია, საიდან და როდის წარმოიშვა ეს ჩვეულება პირველად.

ქალებს საახალწლოდ ჩუქნიდნენ შარფებს, საფულეებს, კაცებს – სარკეებს, სამკაულებს, წინდებს, ფეხსაცმელს. ბავშვებისთვის საჩუქრებს ბალიშის ქვეშ ან წინდაში ათავსებდნენ. შემდეგ დგებოდა საშობაო დღეები: მოყავდათ მღვდელი, რომელიც სახლს წმენდდა წარსული უსიამოვნებისგან და ადამიანი სუფთა გულით იწყებდა ახალ ცხოვრებას.

ნახეთ მეტი
Back to top button