
პოლიტოლოგმა სტეფან დანიელიანმა Sputnik სომხეთის ეთერში ისაუბრა რეგიონში მოსალოდნელ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ ცვლილებებზე, რაც შეიძლება მოსკოვში გაფორმებული სამმხრივი განცხადების პუნქტების შესრულების შემთხვევაში წარმოიშვას. სტეფან დანიელიანის თქმით, კომუნიკაციების განბლოკვას შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ უფრო ყოვლისმომცველი მნიშვნელობა. გეოპოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია კომუნიკაციის უწყვეტი მუშაობა, მსოფლიოში კი ბრძოლაა კომუნიკაციებისა და გლობალური ინფრასტრუქტურისთვის. მისი თქმით, შეიძლება არსებობდეს ორი მიმართულება: ჩრდილოეთი-სამხრეთი და დასავლეთი-აღმოსავლეთი.
”ჩრდილოეთ-სამხრეთის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სპარსეთის ყურეს შეუძლია დააკავშიროს რუსეთი და ევროპა ინდოეთთან და ჩინეთთან, და ამ შემთხვევაში, ლოგიკა მთლიანად შეიცვლება ჩვენს რეგიონშიც. ხოლო დასავლეთი-აღმოსავლეთის შემთხვევაში შუა აზიის ენერგომატარებლებმა შეიძლება თურქეთით ევროპასა და სხვა რეგიონებში შეაღწიონ. სომხეთი შეიძლება იქცეს გზაჯვარედინად, სადაც ძალიან სერიოზული ინტერესების შეჯახება ხდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ამ ყველაფრის უსაფრთხოების კონტროლი რუსეთის მეშვეობით”, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.
დანიელიანის მოსაზრებით, სომხეთი ადრე თითქოს ჩვენი რეგიონის საკეტი იყო, ახლა იგი შეიძლება გახდეს კარი, შესაბამისი შედეგებით. ის არ თვლის, რომ ჩვენ აქ დროის თვალსაზრისით ჩამოვრჩით, უბრალოდ სერიოზულ გლობალურ მოთამაშეებს შორის პოლიტიკური ვითარება ისეთია, რომ რეგიონის გახსნის პროცესი მათ ხელს აწყობთ. ამიტომ, შემთხვევითი არაა, რომ ზესახელმწიფოები სერიოზულად უდგებიან საკითხს, გამოხატავენ სერიოზულ ინტერესებს კავკასიაში.
”ასეა თუ ისე, სომხეთი უერთდება მეგაპროექტებს, საკითხი ისაა, ჩვენი ქვეყანა უერთდება, როგორც პოლიტიკური ობიექტი თუ სუბიექტი. აქ დგება არცახის პრობლემა, და ის, თუ რა ბერკეტები გვაქვს ამ საკითხში. იმისათვის, რომ გახდეს სუბიექტი, უპირველეს ყოვლისა, სომხეთის მთავრობამ უნდა წარმოადგინოს ხალხის ინტერესები და ჰქონდეს ნდობა, რადგან სუბიექტურობას რომ ვამბობთ, ვგულისხმობთ იმას, რომ სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს, დღეს კი მთავრობასა და ხალხს შორის დიდი უფსკრული წარმოიშვა, რომლის პირობებშიც სუბიექტურობაზე საუბარი სერიოზული არ არის“,- აღნიშნა პოლიტოლოგმა.
დანიელიანის აზრით, გეოპოლიტიკაში, პირველ რიგში, შესაძლებელია ზესახელმწიფოების შეხედულებები, მათი ნება და ინტერესები. პოლიტოლოგმა მოიხსენია ირანული ანდაზა, რომლის თანახმადაც, ვინც ფლობს ყარაბაღს, ფლობს მთელ კავკასიას, სწორედ ყარაბაღის საკითხის გამოა, რომ სახეზეა რუსეთის ყოფნა, მინსკის თანათავმჯდომარეების ფორმატი. ასე რომ, რეგიონული კომუნიკაციები ვერ იმუშავებს ზესახელმწიფოების თანხმობის გარეშე, და თუ კომუნიკაციები არის ყველაზე ძლიერი ეკონომიკური ძალა, მაშინ შეუძლებელია ეკონომიკისა და პოლიტიკის გამიჯვნა.