ეკონომიკა
სომხეთში აიკრძალა შავი და ფერადი ლითონების ნარჩენებისა და ზოგიერთი პროდუქციის ექსპორტი: სშკ

დროებითი აკრძალვა დაწესდა შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების ექსპორტზე. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
”სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის 14.01.2021 წლის No28-N გადაწყვეტილებით დაწესდა დროებითი აკრძალვა შავი და ფერადი ლითონების ნარჩენებზე, შავი მეტალისაგან დამზადებული მილების, მათი ფიტინგების, ლითონის კონსტრუქციების, აგრეთვე ლითონის ფილების და თუჯის გამოყენებული რადიატორების ექსპორტზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
კომიტეტი აცხადებს, რომ ეს აკრძალვა ძალაში იქნება ექვსი თვის განმავლობაში.
გადაწყვეტილება ძალაში შედის ოფიციალური გამოქვეყნებიდან მეათე დღეს. ამის შემდეგ, საბაჟო ორგანოები გააძლიერებენ კონტროლს გადაწყვეტილების დებულებების დაცვაზე.