აშშ-ს სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბაიდენის დაპირება სომხეთის გენოციდთან დაკავშირებით

აშშ-ს სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პირობა, რომ მხარს დაუჭერს სომხეთის გენოციდის ამღიარებელ რეზოლუციას. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ANCA– ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამის შესახებ ბლინკენმა განაცხადა სენატორ ედ მარეის წერილობითი შეკითხვების საპასუხოდ.
სენატორის კითხვაზე, აღიარებენ თუ არა ოფიციალურად ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, როგორც გენოციდს, ბლინკენმა უპასუხა: „როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა, პრეზიდენტმა ბაიდენმა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ თავის განცხადებაში პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერდა სომხეთის გენოციდის აღიარების რეზოლუციას. ჩვენი ადმინისტრაცია ვალდებულებას ღებულობს უპირატესობა მიენიჭოს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოს, რომ ასეთი ტრაგედია აღარ განმეორდეს.”
კანდიდატის თქმით, ადმინისტრაცია, თანამდებობაზე დადასტურებისთანავე, დაადგენს თეთრი სახლის განცხადების ტექსტს ხსოვნის დღის აღსანიშნავად და ამ მნიშვნელოვან საკითხზე კონსულტაციას ჩაატარებს კონგრესთან.
სენატორი ასევე დაინტერესდა, თუ რა ნაბიჯებს გადადგამდა ადმინისტრაცია შემოდგომის ომის შემდეგ, აზერბაიჯანის მიერ ტყვეობაში მყოფი ტყვეების დაუყოვნებლივი დაბრუნების უზრუნველსაყოფად.
ბლინკენმა შეახსენა, რომ როგორც პრეზიდენტმა თქვა, შეერთებულმა შტატებმა ევროპელ პარტნიორებთან ერთად მუშაობით დიპლომატიური ძალისხმევა უნდა გამოიყენოს კონფლიქტის მდგრადი გადაწყვეტის მოსაპოვებლად და რა თქმა უნდა სამხედრო ტყვეების დაბრუნების მიზნითაც. „თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, მე ხელს შევუწყობ აშშ-ს მონაწილეობას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მდგრადი გადაწყვეტის ძიებაში, რაც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოებას, ხელს შეუწყობს ახალი ომის აღკვეთას”, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ეს გულისხმობს აშშ-ს ჩართულობის გააქტიურებას მინსკის ჯგუფში და დამატებით დიპლომატიურ სამუშაოს მესამე მხარეების შემდგომი ჩარევის თავიდან ასაცილებლად.