თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო წვრთნები სომხეთის მოსაზღვრე პროვინციაში ყარსში 1-დან 12 თებერვლამდე, მაშინაც კი, თუ ის გეგმიურია ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში თურქეთი და აზერბაიჯანი არ არიან მზად თავიანთი აგრესიული ანტისომხური პოლიტიკის შეცვლისათვის. ამის შესახებ აღმოსავლეთმცოდნემ ტარონ ჰოვანისიანმა პროგრამა “რეგიონის” ფარგლებში განაცხადა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანი და თურქეთი უახლოეს წლებში გააგრძელებენ აქტიურ სამხედრო თანამშრომლობას.
„მას შემდეგ, რაც თურქეთი გააქტიურდა რეგიონში, თურქეთის სამხედრო ინდუსტრიამ რიგ სფეროებში მსოფლიოში წამყვანი პოზიცია დაიკავა, მათ შორის დრონების წარმოებაში. თურქეთის ხელმძღვანელობამ დაუყოვნებლივ დაიწყო აგრესიული პოლიტიკის გატარება მეზობლების მიმართ. თურქეთის მზარდ აგრესიულ რეგიონულ პოლიტიკას მხარი აუბა აზერბაიჯანმაც და მან შესძლო მისი აგრესიული პოლიტიკის გაძლიერება პრაქტიკულ დონეზე.
აზერბაიჯანთან სამხედრო ინდუსტრიის სფეროში აქტიურ თანამშრომლობას თურქეთისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანზე რუსეთის გავლენის შემცირების თვალსაზრისით. 2020 წლის ომის დროს, ფაქტობრივად, აზერბაიჯანი არ იყო დამოკიდებული რუსული იარაღის იმპორტზე. საბრძოლო მასალების მომარაგება ძირითადად თურქეთიდან ხდებოდა. ბოლო ათი წლის განმავლობაში თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის აქტიური სამხედრო-საგანმანათლებლო თანამშრომლობა მიმდინარეობს. აზერბაიჯანელი ოფიცრები ძირითადად თურქეთის სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში არიან მომზადებული და ცდილობენ თავიანთი განათლება ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ. 5-10 წელიწადში აზერბაიჯანის არმიის ოფიცრების 90% მიიღებს განათლებას თურქეთში. ”ეს ასევე ნიშნავს, რომ მკვეთრად გაიზრდება თურქეთის გავლენა ჯარში”, – თქვა ტარონ ჰოვანისიანმა.
სომხეთთან ომისშემდგომი პერიოდის განმავლობაში თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე საუბრისას, ჰოვანისიანმა აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანას სურს მაქსიმალურად ისარგებლოს შექმნილი სიტუაციიდან, უპირველეს ყოვლისა დაამყარონ სახმელეთო კავშირი ნახჭევანთან.