
სომხეთის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი რეგიონში სრული განბლოკვის საკითხის გადაწყვეტას შესაძლოდ მიიჩნევს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა მჰერ გრიგორიანმა, როდესაც საუბარი შეეხო რუსეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერებთან შეხვედრას.
”ეს რთული სამუშაოა. ბევრი საკითხია, უნდა მოხდეს მათი ანალიზი და გადაჭრა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლად მიმაჩნია. ამ საკითხს უკავშირდება მრავალი კომპონენტი, პრობლემის გადასაჭრელად ეს კომპონენტები საფუძვლიანად უნდა იქნას შესწავლილი, რათა ჩამოყალიბდეს სისტემა, რომელიც ნამდვილად იმუშავებს”,- აღნიშნა გრიგორიანმა.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მიზნის მისაღწევად აზერბაიჯანთან კონტაქტში ურთიერთნდობის ატმოსფერო უნდა იყოს.
რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის განბლოკვის მიზნით, 11 იანვარს მოსკოვში სამი ქვეყნის ლიდერების სამმხრივი შეხვედრის დროს შეთანხმება იქნა მიღებული სამმხრივი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელსაც უხელმძღვანელებენ სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერები. სომხეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ სამმხრივ სამუშაო ჯგუფში სომხურ მხარეს წარმოადგენს ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი. სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ვიცე-პრემიერების შეხვედრა 30 იანვარს მოსკოვში გაიმართება.