
1 თებერვალს, რუსული მხარის ინიციატივით, შედგა სატელეფონო საუბარი სომხეთის თავდაცვის მინისტრ ვაღარშაკ ჰარუთიუნიანსა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრ, არმიის გენერალ სერგეი შოიგუს შორის. სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელებმა განიხილეს გასულ კვირას სომხეთ-რუსეთის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებით საშტაბო მოლაპარაკებების შედეგები, აგრეთვე ომისშემდგომ პერიოდში სომხეთის უსაფრთხოების საკითხების მოგვარების პროცესი.
სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა კმაყოფილება გამოხატა მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო ძალების საქმიანობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი ეფექტურობის საუკეთესო დადასტურებაა ცეცხლის შეწყვეტის თითქმის სრული დაცვა, რის გამოც დეკემბერ-იანვარში არცახის რესპუბლიკის თავდაცვის არმიის ერთი სამხედრო მოსამსახურის დაჭრის გარდა სერიოზული ინციდენტები არ დაფიქსირებულა.
ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა და სერგეი შოიგუმ ასევე განიხილეს რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.