მთავარისაზოგადოება

საქართველოში შემოსვლა გამარტივდა: დეტალები საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქეებისთვის

,,სპუტნიკი საქართველო” წერს, რომ რეგულარული ავიარეისების აღდგენასთან ერთად 1 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა მარტივდება როგორც უცხოეთის, ისე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მაგრამ არის გარკვეული პირობები.

საქართველომ 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტა თავისი სახმელეთო და საჰაერო საზღვრები. ზაფხულში გაიხსნა საზღვრები ე.წ. მწვანე ქვეყნებიდან შემომსვლელებისთვის, თუმცა ამან ტურისტულ დარგებს ვერ უშველა.

ტურიზმის სფეროში დასაქმებული ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა. ახლა რეგულარული რეისების გახსნა მათთვის ნამდვილი ხსნა შეიძლება აღმოჩნდეს.

პირობები უცხოელებისთვის

საქართველოში უპირობოდ შემოსვლის იმედი უნდა ჰქონდეთ მხოლოდ იმ უცხოელებს, რომლებმაც COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარეს და ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი გააჩნიათ.

ქვეყანაში გარკვეული შეღავათებით შემოსვლა შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნების, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, მათ შორის, ტრანზიტით, ერთი პირობით – მათ უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი. ქვეყანაში ჩამოსვლიდან მესამე დღეს კი საკუთარი ხარჯებით განმეორებითი ტესტირება უნდა ჩაიტარონ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიური რისკების გათვალისწინებით, მოქმედი რეჟიმი შენარჩუნდება სახმელეთო საზღვრებთან დაკავშირებით. პრემიერ გიორგი გახარიას დავალებით მიმდინარეობს მუშაობა ქვეყანაში საკონტროლო–გამშვები პუნქტების გავლით შემოსვლის წესების შემუშავებაზე, პარალელურად წარმოებს ეპიდემიოლოგიური ტენდენციების მონიტორინგი. შესაბამის გადაწყვეტილებას ვითარების დეტალური ანალიზის საფუძველზე მიიღებენ.

პირობები საქართველოს მოქალაქეებისთვის

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, სამშობლოში დაბრუნებისას მათთვის იხსნება სავალდებულო თვითიზოლაციის წესი. მათ ექნებათ არჩევნის საშუალება – წარმოადგინონ უარყოფითი PCR–ტესტი ან რვა დღით თვითიზოლაციაში გადავიდნენ, ან კიდევ ერთი PCR–ტესტი გაიკეთონ საკუთარ ხარჯზე ქვეყანაში შემოსვლიდან მესამე დღეს.

თუ მოქალაქეს არ ექნება PCR–ტესტი უარყოფითი პასუხით, მას სავალდებულო რვადღიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევს.

აქამდე ქვეყანაში შემომსვლელ საქართველოს მოქალაქეს უნდა წარმოედგინა უარყოფითი PCR–ტესტი და გაევლო რვადღიანი სავალდებულო იზოლაცია. თუ მას ტესტი არ ექნებოდა, მაშინ სავალდებულო იყო 12–დღიანი თვითიზოლაცია.

ამგვარად, ახალი რეგულაციებით, არა მხოლოდ უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში ჩამოსვლა, არამედ ქვეყნის მოქალაქეებსაც შეუძლიათ უცხოეთში გამგზავრება.

ნახეთ მეტი
Back to top button