სომხეთი საქართველოს ყოველთვის განიხილავდა და შემდგომშიც განიხილავს მას როგორც მეგობარ სახელმწიფოს, რომელთანაც ურთიერთობების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ საქართველოსთან მრავალ სფეროში თანამშრომლობის განსამტკიცებლად და განსავითარებლად. ამის შესახებ “არმენპრესთან” საუბარში განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა ვიცემინისტრმა გაგიკ ღალაჩიანმა, შეეხო რა ომის შემდგომ პერიოდში პირველად სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრას.
მისივე თქმით, დღეს ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ცვლილებები და მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც სომხეთის, ასევე საქართველოს ინტერესებთან. ამავდროულად, მიმდინარე მოვლენების პირობებში, ახალი გამოწვევების პარალელურად, შეიძლება გაჩნდეს ახალი შესაძლებლობები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყონ სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებას.
შეეხო რა სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კონტექსტში ხაზგასმული ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობის გაგრძელებას, გაგიკ ღალაჩიანმა აღნიშნა:
”ჩვენ მნიშვნელობას ვანიჭებთ სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობის უწყვეტობის უზრუნველყოფას. სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით პერსპექტიულია ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სხვა სფეროები. ამ მხრივ, შეგვიძლია გამოვყოთ მაგალითად, მოლაპარაკებები სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის ჩამოყალიბებაზე, სომხეთ-საქართველოს ახალი ელექტროგადამცემი ხაზისა და ქვესადგურის მშენებლობის გარშემო განხორციელებული სამუშაოები, რომელთა წარმატებით დასრულების შემდეგ შესაძლებლობა შეიქმნება რუსეთის, საქართველოს, სომხეთისა და ირანის ენერგეტიკული სისტემების სინქრონიზაციისთვის და ა.შ.
ჩვენ ასევე დიდ პერსპექტივებს ვხედავთ სომხეთსა და საქართველოს შორის დეცენტრალიზებული თანამშრომლობისთვის. ამ კონტექსტში, პირველ რიგში, ჩვენ მნიშვნველოვნად მივიჩნევთ ორი ქვეყნის სასაზღვრო თემებს შორის სტაბილური თანამშრომლობის დამყარებას, რაც შექმნის დამატებით შესაძლებლობებს ამ თემების განვითარებისათვის.
ამავე დროს, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ გარდა ეკონომიკური მიმართულებისა სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებში მნიშვნველოვან ადგილს იკავებენ ჰუმანიტარული საკითხებიც, კერძოდ, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობა, რომელიც ასევე შედის მთავრობათაშორისი კომისიის დღის წესრიგში“.
რაც შეეხება რეგიონში სატრანსპორტო კავშირების განბლოკვას, ღალაჩიანმა აღნიშნა, რომ ეკონომიკურ-სატრანსპორტო კავშირების განბლოკვამ შეიძლება ახალი შესაძლებლობები შექმნას მთელი რეგიონის ეკონომიკისა და ურთიერთკავშირის განვითარებისთვის, რაც სომხეთისა და საქართველოს ინტერესებში შედის.
”გარდა ამისა, ეკონომიკურ-სატრანსპორტო ქსელების განბლოკვის შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას სპარსეთის ყურიდან შავ ზღვამდე სატრანსპორტო კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობა. ბუნებრივია, რომ ამ ქსელის ფორმირება იქნება მასში მონაწილე ყველა სახელმწიფოს ინტერესებში”, – დაასკვნა გაგიკ ღალაჩიანმა.