ეკონომიკა

IDFI – აფხაზეთში მოხმარებული ელ.ენერგია 3.3-ჯერ აჭარბებს დანარჩენ საქართველოში მოხმარებულს

,,მთავარი არხი” წერს, რომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, 2020 წელს აფხაზეთის მზარდმა ენერგომოხმარებამ ენგურჰესის გენერაციის 93% შეადგინა. აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის ენერგომოხმარება ერთ სულზე, 3.3-ჯერ აჭარბებს დანარჩენ საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიას.

მათივე ინფორმაციით, 2020 წელს წ.წ. +24%-ით გაიზარდა და რეკორდულად მაღალი იყო აფხაზეთის ელ. ენერგიის მოხმარება, რაც, გარკვეულწილად, 2020 წელს ენგურჰესის გენერაციის შემცირებით არის გამოწვეული.

IDFI-ის ინფორმაციით, 2020 წელს მაღალი ელ. ენერგიის დეფიციტის დასაბალანსებლად 59 მლნ. აშშ დოლარის წმინდა იმპორტი განხორციელდა. შეინიშნება გაუმჯობესება 2019 წელთან შედარებით, ძირითადად ელ. ენერგიის საიმპორტო ფასის შემცირების ხარჯზე, რომელმაც საშუალოდ 4 ცენტი შეადგინა 2020 წელს. რუსეთიდან ელ. ენერგიის იმპორტმა ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმს მიაღწია და მთლიანი იმპორტის 38% შეადგინა, რასაც ხელს უწყობს აფხაზეთის ზრდადი ელ. ენერგიის მოხმარება.

IDFI-ის რეკომენდაციაა, Feed-in tariff და სხვა ტიპის ინსტრუმენტების შემუშავება და დანერგვა, რომელიც ინვესტორებს შესთავაზებს გარანტირებულ ფასს და დაიცავს გაცვლითი კურსის რისკებისგან, ასევე ბაზრის დერეგულაცია და ელ. ენერგიაზე სამომხმარებლო ფასის ზრდის შემთხვევაში საჭიროა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პირდაპირი ფორმით სუბსიდირება და მიკროელექტროსადგურების მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, აღნიშნული სადგურების ხელშეწყობა საგადასახადო შეღავათებით და ენერგოეფექტური სესხით.

აქვე გეტყვით, რომ აფხაზეთი, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 250,000 ადამიანია, წლის განმავლობაში თითქმის იმდენივე ელექტროენერგიას მოიხმარს, რამდენსაც თბილისი (რომლის მოსახლეობაც 1.15 მლნ-ია). ასევე შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 60% უფასოდ მიეწოდება და ეს იმ დროს, როცა აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების 30 სამხედრო ბაზაა განლაგებული, რომლებიც დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში გაჩახჩახებულია.

ნახეთ მეტი
Back to top button