აფხაზეთს სურს მონაწილეობა მიიღოს რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის გახსნაში
აფხაზეთის პარლამენტმა მიმართა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს და გამოთქვა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთში გავლით რკინიგზის “რუსეთი-სომხეთი” გახსნის პროექტში თანაბარი პირობებით. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ განაცხადა აფხაზეთის პარლამენტის საერთაშორისო, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობათა კომისიის ხელმძღვანელმა ასტამურ ლოგუამ.
„ინიციატივის ავტორი ჩვენი კომისიაა. ჩვენ თვალყურს ვადევნებდით რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, მთიან ყარაბაღში არსებულ კონფლიქტს, რომელსაც ასეთი შედეგი მოჰყვა. ჩვენ მივესალმებით სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვას“, – განუცხადა მან Sputnik აფხაზეთს.
დეპუტატის თქმით, აფხაზეთი ყოველთვის გამოხატავდა მზადყოფნას, თანაბარ პირობებში მონაწილეობა მიეღო დიდ რეგიონალურ პროექტებში. მთიანი ყარაბაღში ომის დასრულების შემდეგ, რეგიონის ქვეყნებმა დაიწყეს სარკინიგზო კომუნიკაციის გახსნის შესაძლებლობის განხილვა, აფხაზეთი არ უნდა გადგეს გვერდზე. ლოგუამ დაამატა, რომ 4 თებერვალს, აფხაზეთის პარლამენტის კომისიის გაფართოებულ სხდომაზე განიხილეს შესაძლო ვარიანტები.