ეკონომიკა

სომხეთი გახდება სატრანზიტო პუნქტი რეგიონში: ქართველმა ექსპერტმა პირობებზე ისაუბრა

როგორც „Sputnik სომხეთი“ წერს,  თეირანი- (ჯულფა) – ერევნის რკინიგზის ამოქმედება შეცვლის სომხეთის როლს რეგიონში, საშუალებას მისცემს რესპუბლიკას გახდეს სატრანზიტო ქვეყანა და ძირითადი სატრანსპორტო კვანძი სამხრეთ კავკასიაში. მანამდე კი ერევანმა არა მხოლოდ დიდი რესურსები უნდა მოიძიოს, არამედ უნდა გადაწყვიტოს პოლიტიკური საკითხებიც, რის გამოც ქვეყნის საზღვრები წლებია დაკეტილია.

დიდი ხანია ცნობილია სომხეთ-ირანის სარკინიგზო  მიმართულების  ამოქმედების განზრახვის შესახებ. თემა კვლავ აქტუალური გახდა სომხეთის ეკონომიკის მინისტრის ვაჰან ქერობიანის განცხადების შემდეგ. მან ირანში თქვა, რომ ერევანი-თეირანის რკინიგზის ამოქმედება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო პრობლემების მოგვარებას.

საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი პაატა  ცაგარეიშვილი  მიიჩნევს, რომ ამ ვარიანტის განხორციელება პერსპექტიულია სომხეთისთვის, მაგრამ არამომგებიანი თბილისისთვის.

„Sputnik სომხეთის“ ჟურნალისტთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ თუ ერევანი მართლაც დაამყარებს სარკინიგზო კავშირს თეირანთან, სომხეთი ავტომატურად გახდება სატრანზიტო ქვეყანა.

“ამ შემთხვევაში, ირანიდან და ინდოეთიდან, ისევე როგორც ჩინეთიდან, საქონელი სომხეთში მოვა არა საქართველოს, არამედ აღნიშნული რკინიგზის გავლით. საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი დაკარგავს 700 ათასიდან 1 მილიონ ტონა საქონელს წელიწადში”, – თქვა ცაგარეიშვილმა.

იგი შესაძლებლად მიიჩნევს ბაქო-მეღრი-ნახჭევანი-ახურიანი-ყარსის მარშრუტის ამოქმედებას, რაც სომხეთს საგზაო ტყვეობიდან გამოსვლის საშუალებას მისცემს. ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ ეს პროექტი რთულად განსახორციელებელია როგორც პოლიტიკის, ისე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისითაც.

ცაგარეიშვილის აზრით,  ერევანი სარგებლობას მიიღებს, თუ ქვეყანა ანკარასთან ურთიერთობას მოაწესრიგებს და  დაიწყებენ სარკინიგზო კომუნიკაციას.

ამ შემთხვევაში, საქართველო დაკარგავს სომხეთის ექსპორტისა და იმპორტის ნაკადის დიდ ნაწილს.

ამავე დროს, საქართველოს დარჩება ევროპაში რუსეთიდან, ყაზახეთიდან და შუა აზიიდან გამავალი ტვირთი.  გარდა ამისა, სომხეთ-აზერბაიჯანის მაგისტრალი ვერ  შეცვლის რუსეთიდან სომხეთისკენ მიმავალ იმ გზას, რომელიც გადის “ზემო ლარსის” საგუშაგოზე.

”ხორბალი, რომელიც სომხეთში სტავროპოლიდან და კრასნოდარიდან ჩამოაქვთ, ლარსში გადის. ეს არის მოკლე და ეკონომიკურად მომგებიანი გზა.  სომხეთ-აზერბაიჯანის შესაძლო მაგისტრალით წრის დარტყმა ბიზნესისთვის ძვირი ჯდება”, – თქვა ცაგარეიშვილმა.

ნახეთ მეტი
Back to top button