გირაოს გადახდის ვადა იწურება: რა ელის ნიკა მელიას

როგორც წერს „სპუტნიკი საქართველო“,
პარასკევს იწურება ერთკვირიანი ვადა, რომელიც გენერალურმა პროკურატურამ მისცა პარლამენტის დეპუტატს და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას, თუმცა ის ბრალდების მხარის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს.
5 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას 40 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლით დაემუქრა.
მელიას მხრიდან გირაოს გადახდაზე უარის შემდეგ საზოგადოებაში გავრცელდა მოსაზრება, რომ მის მაგივრად სხვამ შეიძლება შეიტანოს გირაო, რათა ის დაპატიმრებას გადაურჩეს.
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, გირაოს თანხა ბრალდებულს ან სხვა ნებისმიერ პირს, ბრალდებულის სახელით ან მის სასარგებლოდ შეაქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე“, – განმარტეს მსგავსი შესაძლებლობა პროკურატურაში.
ამასთან, გენპროკურატურა მიუთითებს, რომ გირაოს გადასახდელად თანხის შემტანი პირი უთითებს საქმის ნომერს, იმ პირის მონაცემებს, რომლის სასარგებლოდ შეაქვს გირაო, და სადეპოზიტო ანგარიშის ნომერს, რომელიც არის საჯარო, მითითებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში და ცნობილია ბრალდებულისთვის.
„ნაცმოძრაობის“ ლიდერმა კი განაცხადა, რომ მის გარდა გირაოს სხვა ვერავინ ვერ გადაიხდის.
„ფიზიკურად შეუძლებელია, ნებისმიერმა მსურველმა გადაიხადოს თანხა, მეც კი, რომც მინდოდეს, რადგან თანხის გადასახდელად აუცილებელია სპეციალური უნიკალური კოდი, რომელიც ინახება პროკურატურაში და პროკურატურამ უნდა გადასცეს ბრალდებულს ან მის ადვოკატს“, – განაცხადა მელიამ.
თუმცა პროკურატურა ამტკიცებს, რომ გირაოს გადახდისთვის კოდის წარდგენა საჭირო არაა.
უნიკალური კოდი არ წარმოადგენს საბანკო ანგარიშზე გირაოს თანხის გადახდის აუცილებელ რეკვიზიტს და გამოიყენება გადახდილი თანხის ანგარიშზე დროულად ასახვისა და ანალიტიკური მიზნებისთვის, აცხადებენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.
მმართველ პარტიაში მელიას განცხადებას სასაცილო უწოდეს.