სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა მიიღო შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში პატრიკ სვენსონი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვაროს სიმონიანი და შვედეთის ელჩის მოადგილე სომხეთში იზაბელა ერიქსონი. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდი.
მინისტრმა ელჩს მიულოცა სომხეთში დიპლომატიური მისიის დაწყებასტან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა შვედეთის, როგორც სომხეთის საიმედო პარტნიორის მიერ განხორციელებულ პროგრამებს სხვადასხვა სფეროში, რაც ხელს უწყობს სომხეთში ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებას.
მხარეებმა განიხილეს სომხეთ-შვედეთის თანამშრომლობის დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები და აღნიშნეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროს გაფართოების აუცილებლობა.
ელჩმა მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან ითანამშრომლონ სომხეთის მთავრობასთან მრავალი მიმართულებით, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ვაჭრობის, ტერიტორიული ადმინისტრაციის სფეროში განხორციელებული პროგრამების მიმართულებით.
მინისტრმა ხაზი გაუსვა შვედეთის IKEA და H&M კომპანიების შემოსვლას სომხეთის ბაზარზე, ასევე ილაპარაკა მიმდინარე პროგრამების, კერძოდ, ვენჩურული ფონდის მენეჯმენტის პროცესის შესახებ, სადაც შვედური კომპანიები მონაწილეობენ.
ელჩმა პატრიკ სვენსონმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ შვედურმა კომპანიებმა გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიიღონ სომხეთში ეკონომიკის ციფრულიზაციის, ნაგვის გადამუშავების, ასევე აეროპორტების მუშაობაში.
ელჩმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ზომებს, მათ შორის ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, სამართლიანობას, ადამიანის უფლებების დაცვას და სხვა სფეროებს.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა განავითარონ სომხეთ-შვედეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა.